საქართველოში ნიკოტინის ბალიშები აქტიურად ვრცელდება, რაც თამბაქოს ინდუსტრიის მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგია. ეს კი მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. თემაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც მოყვანილია ჯანმოს ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, ნიკოტინის პაკეტების გლობალური მოხმარება ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, ხოლო განსაკუთრებით მაღალი ზრდა ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებში ფიქსირდება. ჯანმოს ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ნიკოტინის ბალიშების გლობალურმა ბაზარმა დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ორგანიზაციის შეფასებით, მარკეტინგი ხელს უწყობს ადრეული ასაკიდან დამოკიდებულების გაზრდას. რაც შეეხება საქართველოს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ნიკოტინის ბალიშები საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძეს თქმით, 15-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ამ პროდუქციის მაღალი მოხმარება ფიქსირდება. მისი თქმით, ნიკოტინის პაკეტების სხვადასხვა არომატი და ფერადი შეფუთვა განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისთვის. მათი ინიციატივაა, რომ ქვეყანაში ნიკოტინის პაკეტების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალოს.
პედიატრი ივანე ჩხაიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენება მოზარდებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რადგან გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე, ამავდროულად იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაზრდილ რისკებს. მისი თქმით, თამბაქოს მოხმარებისგან განსხვავებით, ფაქტობრივად შეუძლებელია მშობელმა შეამჩნიოს, მოიხმარს თუ არა მოზარდი ნიკოტინის ე.წ ბალიშებს.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების რეაგირებას ამ პრობლემაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ მიმდინარეობს არსებული რეგულაციების გადახედვა, რათა ნიკოტინის შემცველი პროდუქტები ახალგაზრდა თაობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს.
მათი განმარტებით, საქართველოში ყველა ის შეზღუდვა, რაც თამბაქოზე მოქმედებს, ვრცელდება ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე. მიუხედავად რეგულაციებისა, ინდუსტრია მაინც ახერხებს მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენებას. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე ამბობს, რომ მსჯელობენ არომატიზატორების გამოყენების აკრძალვაზე, რომელიც პროდუქტის მიმზიდველობისთვის გამოიყენება.
„არომატიზატორები, რომლებსაც იყენებენ ამ პროდუქციის მიმზიდველობისა და პრომოციისთვის, ახალგაზრდებში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არომატიზატორებით გაჯერებული ალტერნატიული პროდუქტები ნაკლებად საზიანოა. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩვენს პარტნიორებთან, არამედ ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ზოგიერთმა ქვეყანამ სრულად აკრძალა ალტერნატიული პროდუქტები - ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქო და ა.შ. ჩვენთან მიდის აქტიური მსჯელობა არომატიზატორების გამოყენების აკრძალვის თაობაზე,“ - განაცხადა ხონელიძემ.





