დახვეწილი, მაგრამ საშიში. თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტები ისეა შეფუთული რომ მოდურად, მაღალტექნოლოგიურად და ზოგჯერ ფუფუნების საგანივით გამოიყურება. ეს კი განსაკუთრებით ახალგაზრდებს იზიდავს. ყველა ეს პროდუქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯანმრთელობას.
ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია: „შეცდომაში შემყვანი განცხადებები „დაბალი რისკის“ შესახებ, ახალგაზრდებზე მორგებული გემოები და ინფლუენსერების მარკეტინგი თუ ამ პროდუქტების მოწევის შეწყვეტის საშუალებად წარმოჩენა - ყველა ეს ტაქტიკა ნიკოტინის მოხმარების ნორმალიზებას და ამავდროულად, ზიანის უმნიშვნელოდ წარმოჩენას ემსახურება.
კაშკაშა ფერებიდან და ტკბილი გემოებიდან დაწყებული, ადვილად დასამალი მოწყობილობებითა და იაფი მინი-შეფუთვებით დასრულებული, ყველა დეტალი პროდუქტის უვნებლად წარმოჩენას, გასინჯვის სურვილის გააჩენასა და ადამიანების დამოკიდებულების/მიჯაჭვულობის გამოწვევას ემსახურება.
თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა პროდუქტი იწვევს დამოკიდებულებას/მიჯაჭვულობას, შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.
იყავით ინფორმირებული. დაეყრდენით დამოუკიდებელ მტკიცებულებებს და არა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
ერთად ვამხილოთ თამბაქოსა და ნიკოტინის მარკეტინგის უკან მდგომი მანიპულაცია და არ მივცეთ ჩვენი მოტყუების საშუალება,“ - ნათქვამია განცხადებაში.





