28 თებერვალი იშვიათი დაავადებების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო ქვეპროგრამა ხორციელდება:
ხდება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება; ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურება; ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება.
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 11 მილიონით გაიზარდა და 55 000 000 ლარს შეადგენს.