ოზურგეთის, მახინჯაურის და სამტრედიის სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები სტიქიის ზონაში  24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, უკვე შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ყველა საჭიროება დაკმაყოფილდება.

„რთული მდგომარეობაა, საქმე გვაქვს სტიქიასთან, მაგრამ საბედნიეროდ, შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ყველა საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის ყველა რესურსი მობილიზებულია, ყველა მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას. ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. ყველა ამ მიმართულებით ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, დაწყებული მედიკამენტების საჭიროებიდან, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დასრულებული. ბუნებრივი და გასაგებია, რომ დიდთოვლობის გამო ისე ოპერატიულად ვერ ხერხდება ამ ყველაფრის განხორციელება, თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოესი საათების განმავლობაში გამოსწორებული იქნება. ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა რესურსი, რაც სჭირდებათ მოქალაქეებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.