ბრიტანელი მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტემპები ეცემა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ამ თვალსაზრისით ყველაზე ცუდი მდგომარეობა დიდ ბრიტანეთშია, რისი მიზეზიც, ექსპერტების მოსაზრებით, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლის მაღალი მოხმარება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა.
მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, 2011 წლის შემდეგ შეჩერდა.
სტაგნაცია განსაკუთრებით თვალშისაცემია დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ნორვეგია კი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ზრდას პანდემიამდე განაგრძობდა. შეგახსენებთ, რომ ამ სახელმწიფოში მთავრობა შაქარზე უარის თქმის პოლიტიკას ახორციელებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ არაჯანსაღი კვებისა და ნაკლები ფიზიკური აქტივობის გარდა, ასეთი სტატისტიკა, შესაძლოა, სოციალური შემადგენლობის ცვლილების შედეგი იყოს. კერძოდ, საუბარია მიგრანტების ნაკადების ზრდაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.
სკანდინავიურმა ქვეყნებმა, ისლანდიამ და ბელგიამ პანდემიის შემდეგაც შეძლეს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის შენარჩუნება იმ დროს, როცა საბერძნეთსა და გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 7 თვით შემცირდა.
ექსპერტების თქმით, რისკის მთავარ ფაქტორად არაჯანსაღი კვება რჩება. ისინი მოუწოდებენ მთავრობებს, ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოებრივ დონეზე დაიწყონ. კერძოდ, ძლიერად გადამუშავებულ საკვებზე შემოიღონ სპეციალური ეტიკეტირების ვალდებულება და მოახდინონ სასარგებლო და ეკოლოგიური საკვების პოპულარიზაცია.