ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, მიმდინარე წელსაც ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, კომიტეტი იმუშავებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით.


კომიტეტისათვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირის 5 სამართლებრივ აქტს უნდა დაუახლოვდეს.


კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანას: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა, კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა, კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება და 42 აქტივობას. კომიტეტი კვლავაც გააგრძელებს თემატური მოკვლევების პრაქტიკას.


კომიტეტმა ამავე სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია 2024 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ და ცნობად მიიღო.


ორივე დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს გადაეცემა.