საქართველომ 2023-2025 წლების აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეროვნული სტრატეგია პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების სამიზნეებს,  მათ შორის აივ/შიდსის დასრულებას 2030 წლისთვის.

სტატეგია ასევე მოიცავს შემდეგ საკითხებს:

აივ ინფექციის შემთხვევების 90%-ით შემცირება 2010 წლის მონაცემებთან შედარებით;

2010 წლიდან შიდსით გამოწვეული სიკვდილობის 75%-ით შემცირება;

დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენის შემცირება 10%-მდე;

აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების სულ მცირე 95% იყენებს აივ კომბინირებული პრევენციის სერვისებს;

დედიდან შვილზე აივ გადაცემის ელიმინაციის მომსახურეობით დაფარვის გაზრდა 95% და მეტი მაჩვენებლით; 

აივ ინფიცირებულთა 99% იღებს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრევენციულ მკურნალობას;

აივ-ით და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების 90% დაკავშირებულია ინტეგრირებულ ჯანდაცვის სხვა სერვისებთან;

აივ ინფიცირებულთა და საკვანძო პოპულაციების 10%-ზე ნაკლები განიცდის სტიგმას და დისკრიმინაციას.

სამოქმედო გეგმა მოიცავს საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას, სკრინინგის გაფართოებას, რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეების უზრუნველყოფას სათანადო სერვისებითა და მასალებით. ამასთან, სხვადასხვა რისკ-ჯგუფისთვის (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, მამაკაცები, რომლებსაც სექსუალური კავშირი აქვთ მამაკაცებთან, ბისექსულები, სექსმუშაკები, შრომითი მიგრანტები და სხვ), მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, შემუშავებულია ცალკე გეგმები.


დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში შეიმჩნევა აივ ინფექციის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. 2020 და 2021 წლებში რეგისტრირებული იყო 530 ახალი შემთხვევა, 2022 წელს 568, მაშინ როდესაც 2018 და 2019 წლებში რეგისტრირებული ახალი შემთხვევების რიცხვი შესაბამისად იყო 630 და 672.


სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხარვეზებს შორისაა ინფექციის შემთხვევების გამოვლენის შედარებით დაბალი მაჩვენებელი და ინფიცირებული პირების მკურნალობაში ჩართვის პროცენტული მაჩვენებლის კლების ტენდენცია. 


2019 წლიდან სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს აივ ტესტირების მომსახურების დაფინანსებას მიზნობრივი პოპულაციების წარმომადგენლებისთვის. დაგეგმილია აივ პრევენციული სერვისების სახელმწიფო  დაფინანსების შემდგომი ზრდა 2023-2025 პერიოდისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, არსებულის გარდა, გამოვლინდა აივ ინფექციის გადაცემის მზარდი რისკის მქონე რამდენიმე სხვა ჯგუფი, მათ შორის მაღალი რისკის ქცევის მქონე ახალგაზრდები, მიგრანტები და სხვა მობილური ჯგუფები.

„ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და მათი უფლებების შესახებ, აივ პრევენციის ჩათვლით, გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში.  წინამდებარე სტრატეგია ფოკუსირებული იქნება მაღალი რისკის მქონე ახალგაზრდებზე მორგებული აივ პრევენციის და მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. მიგრანტებსა და სხვა მობილურ ჯგუფებზე მიმართული სპეციფიური ინტერვენციები  დაიგეგმება ეპიდზედამხედველობის მონაცემების და ბიო-ქცევითი ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის შედეგებით გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე,“ - ნათქვამია სტრატეგიაში.


2023-2025 წლებში აივ/შიდსის ეროვნული  რეაგირების დაფინანსების საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს 154.0  მლნ ლარს,  საიდანაც 22% გრანტებზე მოდის.