მთავრობა ჯანდაცვის სისტემის ახალ, მრავალწლიან რეფორმას აანონსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მიზანია, ქვეყანაში ისეთივე ხარისხის ჯანდაცვა იყოს, როგორც ამ კუთხით მოწინავე ქვეყნებში, და მოქალაქეებს ხარისხიანი მკურნალობის მისაღებად უცხოეთში წასვლა არ უწევდეთ.
„ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში. მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა.
ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობას სურს, სტრატეგიულად დაგეგმოს ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, რისთვისაც უკვე დააანონსა, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა.
„ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, განათლებაზე უკვე გვქონდა, შესაბამისი კონცეფცია იმიტომ წარვადგინეთ, რომ პრაქტიკულად ერთ ადგილს ვტკეპნიდით განათლების მიმართულებით, თვითდინებით, მცირედით ვითარდებოდა სისტემა, მაგრამ არავითარი არსებითი შედეგი არ მიიღწეოდა. სწორედ ამიტომ წარვადგინეთ ჩვენ განათლების რეფორმის ამბიციური გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





