სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან- „ Picot“დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.
„იმის მიუხედავდ, რომ აღნიშნულ სურსათზე , ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების
Picot 1 400G – 8000003312;
Picot 1 800G -8000003297;
Picot 2 800G -8000003280 ;
სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს!“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურება france24 და წერს, რომ ფრანგულმა რძის მწარმოებელმა კომპანია „ლაქტალისმა“ 18 ქვეყნიდან ბავშვის რძის ფორმულა გაიწვია მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია შესაძლოა საშიშ ტოქსინს შეიცავდეს.
გამოცემის თანახმად, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, დაბინძურების საშიშროების გამო, ბავშვის რძის პროდუქტები მსოფლიოს სამმა უმსხვილესმა რძის მწარმოებელმა კომპანიამ, მათ შორის „ნესტლემ“ და „დანონმა“ გაიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, ფრანგულმა ჯგუფმა „ლაქტალისმა“ მსოფლიო მასშტაბით ჩვილის რძის ფორმულის პარტიების უკან გამოძახების შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადა. აღნიშნული ქვეყნებია: ავსტრალია, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, კონგო, ჩეხეთი, ეკვადორი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ქუვეითი, მადაგასკარი, მექსიკა, მონაკო, ესპანეთი, პერუ, ტაივანი და უზბეკეთი.
„Lactalis Nutrition Santé (LNS) ნებაყოფლობით უკან იხმობს „პიკოტის“ ბრენდის ჩვილის რძის ექვს პარტიას, რომლებიც აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში იყიდება, მომწოდებლისგან მოწოდებულ ინგრედიენტში ცერეულიდის არსებობის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ცერეულიდმა“, ბაქტერიული წარმოშობის ნივთიერებამ, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ღებინება“, - ნათქვამია განცხადებაში. „ლაქტალისმა“ არ დაასახელა დაბინძურებული ინგრედიენტის მიმწოდებელი. მან გამოაქვეყნა ექვსი პარტიის ნომრის სია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სხვა პარტია უსაფრთხო იყო.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ ინფორმაციამ შეიძლება შეშფოთება გამოიწვიოს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებში“, - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას მათთვის „ამ პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული არანაირი პრეტენზია ან ანგარიში არ მიუწოდებია“.
როგორც france24 წერს, ბოლო კვირების განმავლობაში ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების ინდუსტრია პროდუქციის გამოძახებებმა „შეარყია“.
სინგაპურის ხელისუფლებამ შაბათს გაიხმო Dumex-ის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები, რომელიც ფრანგული კვების გიგანტის, Danone-ის საკუთრებაში არსებული ბრენდია.
Danone-მა განაცხადა, რომ ეს პროდუქცია ჯერ არცერთი მაღაზიის თაროზე არ იყო.
შეგახსენებთ: 8 იანვარს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მისი ზედამხედველობით დაწყებულია “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი.
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.





