„ყველა ონკოპაციენტისთვის  აუცილებელია უნიკალურ საჭიროებაზე მორგებული ონკოლოგიური სერვისები, მისი თანაბარი და სრული  ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ რეგიონში. კერძოდ, დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის, ასევე მკურნალობის შედეგებისა და მონაცემების მონიტორინგის უზრუნველყოფა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში!,“ - აცხადებენ ონკოპაციენტები.

პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს. ორგანიზაციის წევრებმა პაციენტების მკურნალობისა და დიგანოსტიკის  ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავეს და მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავარობას შექმნას თანაბარი, უწყვეტი და სრულფასოვანი  ხელმისაწვდომობა ყველა ონკოპაციენტისთვის, კერძოდ,  აუცილებელია უნიკალურ საჭიროებაზე მორგებული ონკოლოგიური სერვისები და მისი თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობა.

 ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, საქართველოს კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული უფლება გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობა;  საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღიარებს „მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობას“; საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი მიზანი განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით! “ - ვკითხულობთ პეტიციაში.

ყოველივე ამის საფუძველზე,  ონკოლოგიური პაციენტები და მათი ახლობლები  ითხოვენ სრულ, თანაბარ და სამართლიან ხელმისაწვდომობას ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, აგრეთვე მკურნალობის შედეგებისა და მონაცემების მონიტორინგის უზრუნველყოფას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც საჭიროა:

  • ონკოლოგიური სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების პროგრამის ამოქმედება ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ონკოლოგიური მკურნალობის გარკვეულ ასპექტებს აფინანსებს, დიაგნოსტიკური კვლევები სრულად არ ფინანსდება. მოვითხოვთ, რომ პირველ ეტაპზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 1 თებერვლის MOH 7 24 00000029 ბრძანებით დამტკიცებულ კლინიკურ გზამკვლევებში განსაზღვრული დიაგნოსტიკური კვლევები სრულად დაფინანსდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
  • გაიდლაინებითა და კლინიკური მართვის პროტოკოლებით განსაზღვრული ყველა ონკოლოგიური მედიკამენტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ბაზარზე, სრულად იქნას ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტების სიაში, რათა პაციენტებს ჰქონდეთ შეუფერხებელი და თანაბარი ხელმისაწვდომობა აუცილებელ მკურნალობაზე
  • ონკოლოგიური ელექტრონული სისტემის (რეგისტრის) შექმნა, პაციენტის პირადი ინფორმაციის სრული დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიური მკურნალობის პროცესის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კლინიკური და არა -კლინიკური მონაცემების სრულყოფილ მონიტორინგს.

 

აღნიშნული რეგისტრი შეაგროვებს და გააანალიზებს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა:

  • მკურნალობის მიღებული პაციენტების რაოდენობა – ლოკალიზაციის, ჰისტოლოგიური ქვეტიპების, სტადიისა და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით.
  • თერაპიის ხანგრძლივობა – მკურნალობის ტიპების, დიაგნოზებისა და სტადიების მიხედვით.
  • რეციდივისა და სიკვდილობის მაჩვენებლები – პირველადი მკურნალობიდან გასული დროისა და სხვადასხვა კლინიკური პარამეტრების მიხედვით.

მონაცემების გარეშე შეუძლებელია სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება. და ასევე სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში მკურნალობის გამოსავლის განსაზღვრა. მონაცემების არარსებობა ნიშნავს, რომ ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს მკურნალობაში და ვერ ზომავს მკურნალობის ეფექტურობას, რაც საფრთხეს ქმნის არარაციონალური მკურნალობის და რესურსების სწორად განაწილებას.

მოვითხოვთ, რომ აღნიშნული  საჯარო მონაცემთა ბაზის  შექმნა გახდეს პრიორიტეტი, რათა პაციენტებს ჰქონდეთ უკეთესი შედეგები და ქვეყანამ შეძლოს ონკოლოგიური დაავადებების მართვის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება.

გადადით ლინკზე და პეტიციაზე ხელის მოწერით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა

 

სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა!