პაპილომავირუსის აცრების გაკეთება უკვე 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს შეუძლიათ. ეს სიახლე მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. მანამდე ეს ასაკი კაცებისთვის 26 წლით იყო განსაზღვრული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების სიაში შედის და 10-11-12 წლის გოგონებსა და ბიჭებში ტარდება.
დამატებითი ღონისძიების სახით კი ვაქცინაცია ასევე ტარდება 13 - 45 წლის გოგონებსა და ქალებში და იმავე ასაკის ბიჭებსა და მამაკაცებში.
„საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზებია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი.
ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში. საქართველოში აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული 9 ვალენტიანი ვაქცინით, რომელიც ეფექტურია აპვ-ს ყველაზე გავრცელებული ტიპების წინააღმდეგ.
„დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ეკუთვნით 25-60 წლის ქალებს. სკრინინგის მეთოდიკა განსხვავებულია ასაკის შესაბამისად: 25-დან 30 წლამდე სკრინინგი 3 წელიწადში ერთხელ ტარდება პაპ-ტესტით, 30-დან 60 წლამდე კი 5 წელიწადში ერთხელ აპვ დნმ-ის განსაზღვრის ტესტით. სკრინინგი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში,“ - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.





