ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

ირინე წაქაძემ, საბჭოს წევრებს, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და დასაქმების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ. 
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ. წელს, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ირინე წაქაძემ აღნიშნა: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველომ, განახორციელა ძირეული  რეფორმები ჯანდაცვის სექტორში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და მოქალაქეთა ფინანსური ტვირთისგან დაცვაზე. 


მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა მედიკამენტებზე ფასების, საშუალოდ, 40%-ით შემცირება; ძვირადღირებულ ონკოლოგიურ და იშვიათ დაავადებათა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობისა და დროული წვდომის უზრუნველყოფა; ასევე - ჰოსპიტალურ სექტორში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის დანერგვა.

ამავდროულად, საქართველოში ამოქმედდა პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიმართულია პრევენციის, დაავადებების ადრეული გამოვლენისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაძლიერებისკენ.


საქართველო, ამჟამად, ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის რეფორმას, რომელიც სიღარიბის დაძლევის პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად რჩება. 

საქართველო ინარჩუნებს შეფასების პირველ პირველ კატეგორიას (Tier 1) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, ადამიანებით ვაჭრობის საკითხებზე.

ბავშვთა ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის ცენტრი, „ბარნაჰუსი“ წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სერვისს. ცენტრი მიზნად ისახავს ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას, იურიდიული პროცესების მიმდინარეობისას. 
შრომის უფლებების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნა. ამ მიმართულებით განხორციელებული პროაქტიური ზომები დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს  ექსპერტთა ჯგუფის მეოთხე შეფასებით ანგარიშში. 


რაც შეეხება დასაქმების მხარდაჭერის პოლიტიკას - ქალების, ახალგაზრდების, შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების შრომის ბაზარში უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით, ფართოვდება შესაბამისი სერვისები, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო  სააგენტო ფუნქციონირებს 11 რეგიონში. 


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებების დაცვა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მასშტაბური სამშენებლო პროექტის ფარგლებში, დევნილებისთვის, დაახლოებით, 6 000 ბინის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის.

მთავრობა კვლავ აგრძელებს უკრაინის იმ მოქალაქეების სრულ მხარდაჭერას, ვინც ომის შედეგად, იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა და ამჟამად, საქართველოში იმყოფება.  ისინი ინტეგრირებულნი არიან ჯანდაცვის სისტემაში და მათ მიეცათ წვდომა, თითქმის, იმავე  სერვისებზე, რაც - საქართველოს მოქალაქეებს.“