„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, დემნა ხელაიას განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოში ცოფის 14 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისი თქმით, ყოველი წლის იანვარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ე.წ.ვეტერინარიული კონტროლის პროგრამა მტკიცდება, რომელშიც ის ღონისძიებებია გაწერილი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს , მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
„ჩვენ ეს ღონისძიებები მასიურად 2013 წლიდან დავიწყეთ, მანამდე ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ასეთი მასიური ხასიათი არ ჰქონდა. სახელმწიფო ამას არ აფინანსებდა, ცხოველის მეპატრონეები ატარებდნენ.
დაახლოებით 2020 წლიდან ასეთი სტატისტიკა მაქვს, რომ წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით, თბილისის გარდა, 270 000- 280 000 ძაღლსა და კატას ვცრით. თბილისში ეს კერძო კლინიკებსაა მინდობილი. ჩვენ თბილისში ფიზიკურად ამდენ მოსახლესთან, ამდენ ძაღლს ვერ მივაკვლევთ. ეს ხარჯებთან აღარაა დაკავშირებული, ამდენი ადამიანური რესურსი არ გაგვაჩნია. მაგრამ, რაიონებში ყველგან, კარდაკარ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ვატარებთ. შარშან რეკორდული რაოდენობა აიცრა – 360 000. თუმცა, შარშან ცოფის პატარა აფეთქება გვქონდა – 85 შემთხვევა იყო. მანამდე რაჭაში ცოფის შემთხვევები საერთოდ არ გვქონდა,“ - განაცხადა ხელაიამ და რაჭაში, კერძოდ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა 45 წლის ქალი ცოფის დიაგნოზით გარდაიცვალა. დემნა ხელაიას ინფორმაციით, დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
ხელაიას თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.
“რაც შეეხება რაჭაში მომხდარ ფაქტს: ვეტერინარიის დეპარტამენტის რეგიონულმა სამსახურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატარა. როგორც ჩვენთვის ავადმყოფის ისტორიიდან გახდა ცნობილი, მას 5 თვის წინ ლეკვთან ჰქონია შეხება, რომელიც ქუთაისიდან იყო წამოყვანილი. ეს ლეკვი 10 დღის შემდეგ მოკვდა. ჩვენ ოჯახის წევრებთან საუბრის შედეგად გავარკვიეთ, სადაც იყო ლეკვი დამარხული, ეგსჰუმაცია გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ის ლაბორატორიული კვლევისთვის უვარგისი იყო. ამიტომ ცხოველში დიაგნოზი ვერ დავსვით. დღეს ჩვენთვის მოქალაქის დაინფიცირების წყარო უცნობია. მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, გვინდა, მივაკვლიოთ ქუთაისიდან საიდან იქნა წამოყვანილი ეს ლეკვი, ვის მიერ. იმედია, რაღაცას გავარკვევთ და ამ ფაქტზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება” – განაცხადა ხელაიამ.
მისი თქმით, დაგეგმილია, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით წლის ბოლომდე 300 000-მდე ძაღლი და კატა აიცრას.
ეს არ ეხება მიუსაფარ, უპატრონო ძაღლებს. ქუჩაში მოხეტიალე ძაღლები ზედამხედველობის სამსახურს აჰყავს, თავშესაფარში მიჰყავთ და ეს ძაღლები იქ უნდა აიცრან.
“ცოფი უკურნებელი სენია, მისი განკურნება გამორიცხულია, ლეტალური გამოსავალია. ჩემი მიმართვა ყველას მიმართ არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ძაღლი სახლის არის, თუ არა, ცოფის მატარებელი ბევრი რამაა, მათ შორის ვირთხებსაც შეუძლიათ, ცოფი აითვისონ, იქნებ თქვენს ძაღლს ვირთხასთან ჰქონდა შეხება? დაიჭირა და იმან უკბინა, გაკაწრა. ამიტომ , ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ვეტერინარს მიმართოს, ძაღლი ყოველ მეთორმეტე თვეს უნდა აიცრას.
ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც უცნობი ძაღლი გაკაწრავს, ქუჩაში მიდიხართ, ან სადმე მიდიხართ, აუცილებლად ჩვენ შეგვატყობინეთ, გნებავთ, სამედიცინო სამსახურს მიმართეთ. ძაღლზე, რომელიც ადამიანს გაკაწრავს, 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობა წესდება. თუ ამ 10 დღის განმავლობაში ძაღლს არაფერი დაემართა, ის ჯანმრთელია, ცოფზე საეჭვო არ არის. თუ 10 დღის განმავლობაში ძაღლი მოკვდა, გამოვიკვლევთ, ლაბორატორიული კვლევის შედეგს, თუ ის დადებითია, ჯანდაცვას ვატყობინებთ, რათა მოქალაქემ ვაქცინაცია მაშინვე დაიწყოს”, – განაცხადა ხელაიამ.