სამშობიარო კლინიკების დაფინანსების DRG მეთოდზე გადასვლის ერთერთი მიზანია შემცირდეს საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც პრობლემაა. 
ამის შესახებ სამშობიარო სახლის „ბაიების“ დამფუძნებელმა ნია ონიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 20 წლის წინ საქართველოში მშობიარობებში საკეისრო კვეთაზე მხოლოდ 10-დან 14%-მდე მოდიოდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 47%-მდე აღწევს.

„2 ათეული წლის წინ 10-დან 14 %-მდე მერყებოდა საკეისრო კვეთების წილი. უკიდურეს შემთხვევაში კეთებოდა საკეისრო, მკაცრი კონტროლით. კარგ მეანად ითვლებოდა ის, ვინც ამშობიარებდა ქალს, ვიდრე ის, ვინც საკეისროს აკეთებდა,“ - განაცხადა ნია ონიაშვილმა. 
მისი თქმით, ქვეყანაში პრობლემაა ის, რომ ორსულებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია საკეისრო კვეთასთან შედარებით ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობის შესახებ. როგორც მან განმარტა, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ქალი ბედნიერია, ადეკვატურად აღიქვამს მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეს, საკეისროს შემდეგ კი ქალს უჭირს აქტივობა, აწუხებს ტკივილები, ჩატარებული ოპერაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე და როგორც შედეგი, ეკარგება ახალშობილის მოვლის სურვილი. ამასთან, საკეისრო კვეთის შედეგად გაცილებით დიდია სისხლის დანაკარგი და გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები.
აქედან გამომდინარე, ნია ონიაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია და ამოქმედებული რეფორმები მისასალმებელია, რადგან დედისა და შვილის ინტერესზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ სწორედ საკეისრო კვეთების შემცირებაა სამშობიარო დაწესებულებებზე დაფინანსების DRG-სისტემის ამოქმედების ერთერთი მთავარი მიზანი. კერძოდ, გასული წლის 15 ნოემბრიდან საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფი გაიზარდა და გათანაბრდა, თუმცა საუბარია მხოლოდ ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთებზე. ანუ, მხოლოდ პაციენტის მოთხოვნით ჩატარებულ საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ ანაზღაურებს და ასეთ შემთხვევაში, ქალს საკეისრო კვეთის ჩატარება მხოლოდ იმ  პირობით შეუძლია, თუ გავა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და ყველა ხარჯს, რაც შვილის გაჩენას უკავშირდება, თავად დააფინანსებს.


საკეისრო კვეთების შემცირების მიზნით კიდევ ერთი რეგულაციაა მიღებული, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 იანვრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ სამშობიაროებს,  რომელთაც 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე აქვთ შემდეგი მონაცემები:

საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველმშობიარე, არატყუპი ნაყოფი, თავით წინ მდებარეობა და ორსულობის ვადა >37კვ) ტოლია ან ნაკლებია 24%-სა.

საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის 40% ან ნაკლები, ხოლო III დონის დაწესებულებებში − 45% ან ნაკლები.  39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში არის 40% ან ნაკლები; საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია 0,1%-ით ან მეტით.

ამასთან, თუ დაწესებულებას, 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩერდება მიმწოდებლის სტატუსი ანუ გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვას.