დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. 

ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 74 ვეტერანი ცხოვრობს. 


ვეტერანების საკითხი ერთ-ერთია, რომლითაც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პოსტზე დანიშვნიდან მცირე ხანში დაინტერესდა.

მან ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა.

უწყების ხელმძღვანელი, ადგილზე, გაეცნო ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო პერსონალს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა.

ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი, ბენეფიციარებს, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური კადრებითაა აღჭურვილი.

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 1000 ლარი მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ, სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.
თბილისის მერიამ, ისევე როგორც მთავრობამ, ვეტერანებს  2 000 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაურიცხა.


„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 70 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 20 00 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 37-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი) 33-მა წევრმა მიიღო,“– ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.