უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართველოში სუროგაციის დაგეგმილმა აკრძალვამ სპეციალისტებსა და მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კლინიკების ნაწილმა სერვისების შენარჩუნების აუცილებლობის ერთერთ არგუმენტად თანამშრომელთა განთავისუფლების რისკი მოიყვანა.
საქართველოში, სადაც ინ-ვიტრო და სუროგაციის სერვისები ბოლო წლებში უკონტროლოდ ვითარდებოდა, ბევრისთვის სიახლე აღმოჩნდა ის, რომ განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში სუროგაცია არა მხოლოდ უცხოელი მოქალაქეებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი აკრძალულია. მიზეზი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული რისკები და ბიოეთიკური საკითხებია, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში პრიორიტეტულია.
ორიოდე წლის წინ ამ საკითხზე საქართველოში კვლევა მომზადდა, რომელშიც სუროგაციასთან დაკავშირებული რისკების და მისი დადებითი მხარეების შესახებაა საუბარი.
კვლევის ავტორები მარიამ ბერულავა, ნატო ინდუაშვილი და ქეთევან ლომსაძე არიან, რომლებიც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენენ.
კვლევაში სახელწოდებით „რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები ნათქვამია, რომ სუროგაცია ყველაზე რთული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გზაა უშვილობის დასამარცხებლად და ის სამართლიანად ითვლება რეპროდუქტოლოგიის უდიდეს მიღწევად.
„სუროგაცია არის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი, რომლის დროსაც სინჯარაში გაზრდილი ემბრიონები გადააქვთ არაგენეტიკური დედის საშვილოსნოში, არამედ სპეციალურად გამზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მას მუცლად ატარებს დაბადებამდე. აქედან გამომდინარე სუროგატი დედა არის ის ქალი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს სხვის შვილზე, საშვილოსნოს შიდა განვითარების მანძილზე. ცალსახაა, რომ სუროგაციის პროცესი მოითხოვს მნიშვნელოვან ვალდებულებებს ორივე მხრისაგან, ამიტომ აუცილებელია განვიხილოთ მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები,“ - წერენ კვლევის ავტორები.
მათი განმარტებით, მოქმედი კანონით, იურიდიული კონტრაქტის გაფორმება და მოლაპარაკებები ხდება ემბრიონის სუროგატი დედის ორგანიზმში გადატანამდე, ბავშვის დაბადებამდე მიიღება სასამართლო ბრძანება, რომელიც მშობლების ბავშვზე უფლებებს აკანონებს. მშობლებს აქვთ უფლება სუროგატი დედის ორსულობის პროცესს ღიად ადევნონ თვალი, დაესწრონ ემბრიონის ორგანიზმში გადატანის პროცესსაც კი. სუროგატ დედებს უნდა ჰქონდეთ ჯანსაღი ორსულობის გამოცდილება, რაც სუროგაციის წარმატებით დასრულების შესაძლებლობას ზრდის.
სუროგაციის ნეგატიურ მხარეებს შორის სახელდება ის, რომ პროცესი შესაძლოა გართულდეს. სუროგაცია მოიცავს კომპლექსურ სამედიცინო პროცედურებს, რაც აუცილებელია რომ წესების ზედმიწევნით დაცვით იყოს შესრულებული.
სუროგაციის ხარჯები ხშირად კატასტროფულად მაღალია. წარმატებული სუროგაციის დასასრულებლად საჭირო ადამიანური და ფიზიკური კაპიტალის გამო, სუროგაციის პროცესი საკმაოდ ძვირია.
2020 წელს სუროგაციის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ექსტრაკორპორული, ანუ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდის უფლება მხოლოდ იმ ჰეტეროსექსუალ წყვილებს მიეცათ,. რომლებიც მინიმუმ ერთწლიან ქორწინებაში ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფებიან.
ამასთან, კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველო იმ საკმაოდ მცირე ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც სუროგაცია ნებადართულია როგორც საკუთარი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.