საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განახლებული სახელმწიფო სტანდარტები დამტკიცდა, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს განსაზღვრავს.
„ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, არაძალადობრივ გარემოში საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა - სწორედ ამ ასპექტებით ხასიათდება ადამიანის კეთილდღეობა. კვალიფიციური და ხარისხზე ორიენტირებული დაწესებულების უმთავრესი ამოცანა ამგვარი სივრცის შექმნა და მოწყობაა. კეთილდღეობის შეგრძნება თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ბავშვისთვის, ისე - დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. მხოლოდ ასეთი გარემო ხდის შესაძლებელს და ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ბავშვის მრავალმხრივ, ჰარმონიულ განვითარებას და მეორე მხრივ, თანამშრომლების მოტივირებას, უკეთ იზრუნონ ბავშვსა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე,“ - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმად, ბაღს უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი თითოეული ბავშვისა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის პროცედურები (მაგ. როგორ ვიქცევით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს, როდესაც ბავშვს სჭირდება მედიკამენტების მიღება და ა.შ.), ასევე ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მექანიზმები.
ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს უნდა ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
აღზრდის სტანდარტები, სხვადასხვა ასპექტთან ერთად გულისხმობს იმასაც, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავოს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და მიიღოს საბაზისო ინფორმაცია ჯანდაცვის სერვისების მიღებასთან დაკავშირებით.
სტანდარტების რამდენიმე პრინციპი ასეთია:
ბავშვი სწავლობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად კვებას, ჰიგიენას და ფიზიკურ აქტივობას.
მონაწილეობს მზრუნველის მიერ მართულ ფიზიკურად აქტიურ საქმიანობაში 5-10 წუთის განმავლობაში - სიხარულით ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში (მაგ., დარბის, დაცოცავს, დახტის). ესმის, რომ ზოგიერთი ქმედება საშიში და საზიანოა (მაგ., მოწევა, დალევა და სხვ.).
იცის, ვინ ემსახურება მის ჯანმრთელობას (მაგ., კბილის ექიმი, ექთანი, პედიატრი).
ასახელებს ჯანსაღი ქცევების მაგალითებს (მაგ., საუბრობს წამლის მოხმარებაზე და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოებაზე, ბაქტერიებზე). ასახელებს, რა სარგებლობა მოაქვს კვების ძირითად პროდუქტებს (მაგ.: რძე კარგია ძვლების ზრდისათვის).
არჩევს ჯანსაღ ქცევას არაჯანსაღისაგან. ერთვება საუბარში სხეულის ნაწილებისა და შინაგანი ორგანოების დანიშნულებაზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საბავშვო ბაღების რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანიც კერძო და საჯარო ბაღების საერთო სტანდარტის ქვეშ მოქცევაა.
რეფორმის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ბაღების რეგისტრაცია დასრულდა. შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოში 2028 ბაღია, რომელთაგან 323 კერძოა. თვითშეფასების დასრულების შემდეგ ბაღების ავტორიზაციის გრაფიკი გაიწერება, ავტორიზაციის პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება.
ავტორიზაციის მისაღებად, ყველა კერძო თუ საჯარო ბაგა-ბაღმა უნდა დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი. სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტებიც - მაგალითად, ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ-მეორე სართულზეა ნებადართული. განსაზღვრულია პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები.