თხილის ექსპორტიორებისთვის ახალი მოთხოვნები ამოქმედდა. ისინი ვალდებული გახდნენ, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტქნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყონ.


ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შევიდა.

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.

დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აღებული საექსპორტო თხილის ნიმუშის გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში შედის:

1. გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით); 2. თხილის გული, რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას ან სხვა სახის დამუშავებას;
3. გადამუშავებული თხილის გული, განკუთვნილი პირდაპირი მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადამუშავების გარეშე და არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას, არომატიზებას ან სხვა სახის დამუშავებას.


აფლატოქსინი არის  კანცეროგენი, რომელიც ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. ეს მომწამვლელი ნივთიერება იმ შემთხვევაში გროვდება, თუ თხილი არასაკმარისად არის გამომშრალი და ლპობის პროცესია დაწყებული.


მანამდე, 1 ივლისიდან, აფლატოქსინის შემცველობის შემცირების მიზნით რეგულაციები ცხოველთა საკვების მწარმოებლებისთვის ამოქმედდა.