პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც განიმარტება თამბაქოს წარმოების დეფინიცია.

„თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ისტორიულად დამახასიათებელ ამ დარგზე კონტროლი უნდა დაწესდეს. 
მისივე თქმით, თამბაქოს წარმოების შესახებ დაინიცირებული ცვლილება უმნიშვნელოვანესი სიახლეა, რომელიც არეგულირებს თამბაქოს წარმოებას. 


„იცით, რომ ისტორიულად და კლიმატურადაც ჩვენი ქვეყანა გამოირჩეოდა თამბაქოს წარმოებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს წარმოებაზე კონტროლი დაწესდეს,“ - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ და ხაზი გაუსვა, რომ თამბაქო მავნეა და არავითარ შემთხვევაში კომიტეტი არ აპირებს თამბაქოს რომელიმე პროდუქტის პოპულარიზაციას. უბრალოდ, როგორც ლომინაძემ აღნიშნა, ორ უბედურებას შორის მაქსიმალური კონტროლი უნდა დაწესდეს, რათა მოსახლეობამ მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

მისივე თქმით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ის ცვლილებები, რომლებიც პანდემიის გამო გადავადდა, აღარ გადაიდება. 


„საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ მე-9 მოწვევაში მიიღო თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო, როცა 2017 წელს დაინიცირდა და 2018 წელს ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის კანონი. ჩვენი კომიტეტი წამყვანი იყო და არის თამბაქოს წარმოებასთან და მის რეგულაციასთან და კონტროლთან დაკავშირებით. ესაა ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლითაც სარესტორნო თუ სასტუმრო ბიზნესში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა. ასევე მნიშვნელოვანი რეგულაციები შევიტანეთ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით და ამის გამო მოსახლეობა მადლობას გვიხდიდა. მართალია, პოსტკოვიდურმა სიტუაციამ და რეგიონში ომმა ხელი შეგვიშალა იმ კანონის ყველა პუნქტის ბოლომდე აღსრულებაში და სულ ცოტა ხნით გადავავადეთ ერთ-ერთი კანონი, თუმცა იმედია, ეს მეტჯერ აღარ გადავადდება და შეფუთვის შესახებ ჩვენი კანონი ძალაში შევა იმ თარიღებში, რომლებიც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება,“ - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ. 


ცნობისთვის:  რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, რეგულაცია თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით ვაჭრობის შესახებ უკვე მეოთხედ გადავადდა და 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. რეგულაციის მომხრეები გადავადების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ძირითადმა იმპორტიორებმა ახალ რეალობასთან ადაპტირება ისევ ვერ მოახერხეს. საუბარია იმაზე, რომ საომარი ვითარების გამო ახალი შეფუთვის კოლოფების დროული დამზადება ვერ მოხერხდებოდა - იმპორტის ძირითადი ნაწილი კი სწორედ უკრაინაზე მოდის.

ამასთან, გაუქმდა თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, დასაღეჭი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს, შეფუთვაზე გავრცელდება ზუსტად ის რეგულაციები, რაც დღეის მდგომარეობით მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გასახურებელ თამბაქოზე. ანუ მათზე სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილების დატანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თამბაქოს კონტროლის ალიანსმა მკაცრად გააკრიტიკა. მისი პოზიციაა, რომ ახალგაზრდებისთვის ამოცნობადი და მიმზიდველი არ უნდა იყოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი. ალიანსის შეფასებით, პარლამენტი თამბაქოს ლობის გავლენის ქვეშაა.