მსოფლიოში, ესთეტიკურ მედიცინაში ყალბი ბოტოქსის გამოყენების შემთხვევები იზრდება. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ამ მიზეზით დაზარალებული პაციენტების რაოდენობა იზრდება, თურქეთია. 
თურქული მედიის ცნობით, ქვეყანაში ბოტულოტოქსინის შემცველი ნივთიერებები, სამი დასახელების პროდუქტის გარდა, არალიცენზირებულია და, შესაბამისად, მათი გამოყენება უკანონო და სარისკოა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ნივთიერებების გამოყენების შემთხვევები ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. არსებული მონაცემებით, თურქეთში გამოყენებული ტოქსინების გამოყენების 30 პროცენტში არალიცენზირებული ნივთიერებები ფიგურირებს.
  
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მართალია, ბოტულოტოქსინი ძირითადად ესთეტიკის სფეროში გამოიყენება, თუმცა მას ასევე აქვს თერაპევტული ეფექტიც და გამოყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში. 
მაგალითად, ის გამოიყენება კუნთების სპაზმის, შარდის ბუშტის პრობლემების დროს, ოფლიანობის სამკურნალოდ, ასევე მიგრენის საწინააღმდეგოდ. 

არსებული ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ესთეტიკური მიზნებით ბოტოქსის 15 მილიონზე მეტი პროცედურა ჩატარდა. თურქეთში კი ეს მაჩვენებელი მილიონს უახლოვდება. 


სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ კონტრაბანდულ პროდუქციაზე წვდომა საკმაოდ მარტივია.

არალიცენზირებული პროდუქციის მარკეტინგი კი ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით ხორციელდება. 
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ბოტოქსის პროცედურებს ატარებენ ადამიანები, რომლებიც ექიმები არ არიან. ამიტომ ექსპერტები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სფეროს მეტი კონტროლისკენ მოუწოდებენ. 
შეგახსენებთ, რომ თურქეთი უახლოეს წლებში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მიმართულებად ესთეტიკურ მედიცინას განიხილავს. 

medimagazin.com-ის ინფორმაცია