ბულგარეთის ხელისუფლება გეგმავს, მოქალაქეებისთვის შექმნას ფინანსური სტიმულები პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებების გავლისთვის. 

ამ ნაბიჯს შესაძლოა ვუწოდოთ „გადასახადების დაბრუნება“ და ის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. 


კერძოდ, საგადასახადო სამსახური მოქალაქეს დაუბრუნებს მიმდინარე წლის სამედიცინო დაზღვევის ბოლო შენატანს იმ შემთხვევაში, თუ ის ექიმთან ყოველწლიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა. 


ბულგარელებს, რომლებიც, როგორც წესი, ერიდებიან ექიმთან პროფილაქტიკურ შემოწმებაზე მისვლას, სიახლე უბიძგებს, შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. 

ბულგარეთში მოქმედი კანონით, ყოველ დაზღვეულ მოქალაქეს აქვს უფლება, წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური შემოწმებები ჩაიტაროს. თუმცა, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ეს კვლევები მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წელს, დაზღვეული მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 41%-მა გაიარა სავალდებულო პროფილაქტიკური კვლევები თავის პირად ექიმთან. ექიმების შეფასებით ეს საგანგაშო ტენდენციაა, რადგან პროფილაქტიკას შეუძლია ბევრი დაავადება საწყის ეტაპზე გამოავლინოს, რაც მკურნალობას უფრო იაფს და ხელმისაწვდომს გახდის. 

ჯანმრთელობის შესახებ ბულგარეთის კანონის თანახმად, მოქალაქე, რომელიც პროფილაქტიკურ სამედიცინო კვლევებს არ გაივლის ან ვაქცინაციას გამოტოვებს, 25-დან 50 ევრომდე თანხით ჯარიმდება, მეორედ გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი ჯარიმები იზრდება, თუმცა რეალურად ეს ზომები არ მუშაობს. 

www.euractiv.com