ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტების მწარმოებელი Novo Nordisk წარმოების გაზრდას გეგმავს, რისთვისაც, დანიაში მდებარე საწარმოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ამასთან, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ინდუსტრია შორსაა იმისგან, რომ საკმარისი წონის დასაკლები მედიკამენტების წარმოება შეძლოს გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Novo Nordisk-მა ფენომენალური წარმატება მოიპოვა სიმსუქნის საწინააღმდეგო წამლით Wegovy-ით, თუმცა, ამავდროულად, ცდილობდა გამკლავებოდა დეფიციტს, რამაც კომპანია აიძულა პაციენტების რაოდენობა შეეზღუდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიმსუქნეს აღწერს, როგორც „მზარდ ეპიდემიას“ და მიიჩნევს, რომ 2030 წელს მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანი სიმსუქნით იცხოვრებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარს ფრუერგარდ იორგენსენმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ საჭირო იქნება მუდმივი ინვესტიციები, რასაც Novo Nordisk და მისი კონკურენტები მუდმივად ახორციელებენ.

„მჯერა, რომ ჯერ შორს ვართ იმისგან, რომ მილიარდამდე ადამიანს მივაღწიოთ“ - აცხადებს იორგენსენი.

პარალელურად, მიმდინარე კვირაში აშშ-ს და ბრიტანეთის მარეგულირებლებმა დაამტკიცეს კომპანია Eli Lilly-ის წონის დასაკლები მკურნალობა, ხოლო AstraZeneca-მ ინვესტიცია განახორციელა ჩინეთის Eccogene-ის ექსპერიმენტული აბების ლიცენზირებაში.

ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო 10 წელიწადში ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო წამლებზე უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდება და წლიური გაყიდვები 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ამიტომ, Novo Nordisk აცხადებს, რომ 6.0 მილიარდ დოლარს დახარჯავს დანიაში Kalundborg-ის საწარმოს გაფართოებაზე, გაზრდის აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების (API) წარმოების შესაძლებლობებს, გააძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს, შეფუთვის ნაწილს და სხვა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ინვესტიცია ყველაზე დიდია, რაც დანიაში კერძო სექტორის კომპანიის მიერ ხორციელდება.

საწარმოს გაფართოების პროექტები 2025 წლის ბოლოდან დაიწყება და 2029 წლამდე დასრულდება.

bp.ge