ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში სამედიცინო მონაცემების ერთიანი ციფრული სივრცის შექმნას. მიუხედავად კონფიდენციალობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა, სულ უფრო მკაფიო ხდება პირად სამედიცინო მონაცემებზე ეფექტიანი წვდომის მნიშვნელობა. 


ამასთან, მონაცემების გაფართოება ყოვლისმომცველი არ იქნება, რადგან ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, ისინი გარკვეული შეზღუდვების ქვეშ მოექცევა.

მაგალითად, პარლამენტმა გადადო იმ მონაცემებზე წვდომის საკითხის განხილვა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს ეხება. შესაბამისად, წევრ ქვეყნებს ექნებათ უფლება, გამონაკლისები თავად განსაზღვრონ.

სხვა ზოგადი სახის ინფორმაცია კი, როგორიცაა ლაბორატორიული კვლევის შედეგები და პაციენტების მოკლე დახასიათება, უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ევროპარლამენტის ეს წინასწარი შეთანხმება საბჭომ უნდა მოიწონოს. ოფიციალური დამტკიცების შემდეგ კი კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 2 წლის თავზე შევა.

როგორც eithealth.eu წერს, ბაზის შექმნის მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი პირადი ელექტრონული მონაცემების კონტროლისა და მათზე წვდომის საშუალება, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობის დროს. მოქალაქეებს ამ გზით ექნებათ შესაძლებლობა, სპეციალური მოწყობილობებისა და მობილ

ური აპლიკაციების საშუალებით თვალი ადევნონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
გარდა ამისა, მონაცემების გაერთიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. კერძოდ, გადაწყვეტილებების მიმღებთ ექნებათ წვდომა შესაბამის სამედიცინო მონაცემებზე, რათა გამოავლინონ ტენდენციები და კანონზომიერებები. ამის საფუძველზე კი ისინი შეძლებენ უფრო ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. 
გარდა ამისა, სამედიცინო მონაცემების უსაფრთხო გაცვლა მეცნიერებს სხვადასხვა დაავადების ირგვლივ კვლევების ჩატარების საშუალებას მისცემს. ეს კი დააჩქარებს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეძლებენ. შედეგად, მსოფლიო დონეზე ევროპის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. სამედიცინო პერსონალი შეძლებს ამ მონაცემების გამოყენებას მკურნალობის უსაფრთხო და პერსონალიზებული გეგმების შესადგენად, ასევე დიაგნოზის ოპერატიულად დასმას.