ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე ქვეყანაში ინფექციური დაავადებების აფეთქებისთვის ემზადება. ჯანმომ უკვე შეაგროვა წამლები იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციების გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ნეირამ ისაუბრა.

„ჯანმო ემზადება იმის ძალიან მაღალი ალბათობისთვის, რომ 2023 და 2024 წლებში დაფიქსირდება ელ-ნინიოს მოვლენა. ველოდებით, რომ ელ ნინიოს ფორმირების პიკი 2023 სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე დადგება,“ -  განაცხადა მან.

ნეირას განცხადებით, ჯანმომ წინასწარ მოამზადა მარაგები, მათ შორის ქოლერას წამლები, სპეციალური სამედიცინო მასალები, მედიკამენტები მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის.

ჯანმო ასევე ვარაუდობს, რომ ელ-ნინიო შეცვლის მთელი რიგი დაავადებების დინამიკას, მათ შორის დენგეს ცხელების და სხვა ვირუსული დაავადებების მიმდინარეობას.

ტემპერატურის და ნალექების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს კოღოების  გააქტიურებას და ვირუსების გადადების ინტენსივობის მატებას, რაც ეპიდემიების რისკს გაზრდის.

დაავადებებს შორის, რომელთა რისკი გაიზრდება, ჯანმო ასახელებს კოღოების საშუალებით მალარიისა და იმ ინფექციების გავრცელებას, რომლების სასმელი წყლით გადადის. მათ შორისაა ქოლერა.

შეშფოთებას იწვევს ტყის ხანძრებიც, რომელთა შემდეგ ჰაერის დაბინძრებამ შესაძლოა სასუნთქი ორგანოების პრობლემები და გულსისხლძარღვთა დაავადებები გამოიწვიოს.

ცნობისთვის:  ელ ნინიო ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა, როცა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი სეზონური ზედაპირული დინება ჩნდება. ეს მოვლენა სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-იდან 5 °C-მდე. შედეგად კი იზრდება დენგეს ცხელებისა და სხვა ვირუსების გავრცელების ალბათობა.