კლიმატური კრიზისი - ეს ჯანდაცვის კრიზისია. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევის საერთაშორისო სკოლაში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი მოხსენების თემა იყო „პლანეტარული გამოწვევები და პირადი ჯანმრთელობა.“


მისი თქმით, ისეთი გახშირებული და მკაცრი მოვლენების შედეგად, როგორიცაა ციკლონები და წყალდიდობები, უამრავი ადამიანი იღუპება, ან იღებს ტრავმას. ეს კი ჯანდაცვის სისტემებსთვის დიდი ტვირთია. 
მისივე ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში 75 პროცენტით გაიზარდა სიცხის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი 65 წლის უფროს ადამიანებს შორის. ამასთან, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 7 მილიონ ადამიანს კლავს ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფილტვის კიბო, ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 

ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩვენს პლანეტაზე, რომელიც სულ უფრო ცხელდება, კოღოების რაოდენობა იზრდება. შედეგად, ინტენსიურად ვრცელდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ზიკა და ყვითელი ცხელება. ეს კოღოები ჩნდებიან ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არასდროს გამოჩენილან.

“ჩვენი პლანეტა რომ პაციენტი იყოს, მას რეანიმაციაში მოათავსებდნენ. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები საგანგაშოა,” - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი განმარტებით, საშუალო გლობალური ტემპერატურა სათბური ეფექტის გამოც იზრდება. 
ამასთან, ჯანმოს ხელმძღვანელი პოზიტიურ ტენდენციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ელექტრომობილები ავტომობილების ბაზრის სულ უფრო მეტ წილს იკავებს, ქვეყნები კი სულ მეტ ძალისხმევას იჩენენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.