„ციფრული ორეულის“ ტექნოლოგია, რომელიც ექიმებს ქირურგიული პროცესის ოპტიმალურად წარმართვაში ეხმარება, შესაძლოა, ყველა ორგანოს ოპერაციაზე გავრცელდეს და ახლო მომავალში მასობრივად დაინერგოს.

თემაზე The Wall Street Journal-ი წერს და მოჰყავს ჯონ ჰოპკინსის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორის ნატალია ტრაიანოვას სიტყვები, რომელსაც გულის ციფრულ ასლზე არაერთი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია ოპტიმალური ქირურგიული პროცესის წარმართვა, რომელსაც მკურნალობის პროცესში უპირატესობა მიენიჭება და პაციენტის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო იქნება.

გამოცემას ასევე მოჰყავს კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენლის კრისტინ მაიერსის განცხადება, რომელიც ორსული ქალის საშვილოსნოს სამგანზომილებიანი მოდელის საშუალებით ცდილობს პაციენტებისთვის ნაადრვევი მშობიარობის თავიდან აცილებას. მისი თქმით, შეიქმნა მოდელი, რომელიც ამ კუთხით უფრო ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. 


The Wall Street Journal-ი წერს, რომ მიმდინარეობს მუშაობა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებაზე, რომლის მიზანიც ადამიანის სხეულის „რუკის“ შექმნა, რათა აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება უფრო მასობრივი გახდეს.

MarketsandMarket-ის კვლევის თანახმად, ციფრული ორეულების შექმნაში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების ღირებულება 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2028 წლისთვის კი 21 მილიარდს გადააჭარბებს.