სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ამ სფეროსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე სულ უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს.
თემას ეხმიანება ავტორიტეტული გამოცემა „გარდიანი“, რომელიც თურქეთის მიერ უცხოელი მოქალაქეებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და მათთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ წერს.
გამოცემას მოჰყავს სპეციალისტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტურისტები, რომლებიც თურქეთსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად ჩადიან, დაბალმა ფასებმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სამედიცინო ტურიზმი შეიძლება მოიცავდეს ფარულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საფრთხეებს.
თმის გადანერგვის სპეციალისტი, ქირურგი ბესამ ბარჯო ამბობს, რომ კლინიკაში მისი საქმიანობის 25% მოდის იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც თმის უხარისხო ტრანსპლანტაციას მოჰყვა. მისი თქმით, საუბარია თურქეთსა და სხვა ქვეყნებზე.
„საწყისმა დაბალმა ფასმა, შესაძლოა, უფრო დიდი და გძელვადიანი ხარჯები და გართულებები გამოიწვიოს, როცა შესრულებული სამუშაოს თავიდან გაკეთება გვიწევს. ჩემთან მოდიან პაციენტები იმ იმედით, რომ გამოასწორებენ წინა ოპერაციის შედეგებს. თუმცა ისინი ხშირად უფრო რთული პროცედურების წინაშე დგებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, თავიდანვე რომ სათანადოდ ემკურნალათ,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ წარუმატებელი ოპერაციები ადამიანში სტრესს, შფოთვასა და თვითშეფასების შემცირებას იწვევს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის წარმომადგენლის, პლასტიკური ქირურგის ნავინ კავალეს თქმით, მართალია, თურქეთში კვალიფიციური ქირურგები არიან, თუმცა ბევრი ექიმი არ შეესაბამება ბრიტანეთში დანერგილ მაღალ სტანდარტებს.
„გარდიანს“ ასევე მოჰყავს ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის შეკრებაზე გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ქირურგიულ ტურიზმში მომხდარმა ბუმმა პოსტოპერაციული გართულებებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდა გამოიწვია.
ექსეთერის უნივერსიტეტის წარმომადგენლის დევიდ სთრეინის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში მკურნალობას გეგმავენ, მხოლოდ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ უნდა დაეყრდნონ.
მისი რეკომენდაციაა, გავეცნოთ სხვა ადამიანების გამოხმაურებებსა და რეკომენდაციებს, რომლებმაც ამა თუ იმ კლინიკის კონკრეტული სერვისები საკუთარ თავზე.