თურქეთში ხორციელდება პროექტი, რომელიც სამედიცინო განათლებას მეტა-სივრცეში გადაიტანს და ქვეყანაში სასწავლო გვამების იმპორტს შეამცირებს. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. 


სააგენტოს ცნობით, პროექტის ავტორია სტამბოლის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი ჰუსეინ დურმუში, რომელიც აცხადებს, რომ პროექტს შეუძლია გვამების იმპორტის შემცირება. ამით კი ხელი შეეწყობა უცხოური ვალუტის დეფიციტის შემცირებას.

ავტორის თქმით, მისი პროექტი მედიცინაში რევოლუციას მოახდენს.

მისივე განცხადებით, თურქეთში 100-ზე მეტი სამედიცინო ფაკულტეტია, სადაც ათობით ათასი ადამიანი იღებს განათლებას. ამ პროცესის უმთავრესი ნაწილი კი ანატომიური განათლებაა, რაც, თავის მხრივ, გვამების გარეშე წარმოუდგენელია. ამ კუთხით კი თურქეთში სერიოზული პრობლემებია. 

დურმუშის თქმით, თუ ევროპაში ერთ გვამს 10 სტუდენტი სწავლობს, თურქეთში ეს რიცხვი 40-ია.

„ჩვენ გვსურს შევამციროთ გვამების იმპორტი ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების გზით. როდესაც ფაკულტეტები გვამების იმპორტს ახორციელებენ, მათ შესაბამისი მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ, რაც 14500-დან 16 ათას დოლარამდე აღწევს. ეს ზრდის იმპორტს და არღვევს ბალანსს უცხოური ვალუტის შემოსვლასა და გასვლას შორის. პროექტის საშუალებით, ჩვენ შევამცირებთ გვამების იმპორტს და ქვეყანაში ამ კუთხით მდგომარეობას გავაუმჯობესებთ. ჩვენ გვსურს ჩვენი წვლილის შეტანა ამ ეკონომიკურ პროცესში,“ - განაცხადა პროექტის ავტორმა. 
ერთერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარმომადგენელმა მუსტაფა შანვერდიმ კი აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომ სტუდენტებს 3D-გვამებზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში აიღებენ ორგანოებს, დაასკანირებენ მათ 3D-სკანერების საშუალებით და ამ ფორმატში შექმნიან  ვირტუალური ანატომიური განათლების სისტემას.

„რამდენადაც ჩვენ სხეულიდან ამოღებული ნამდვილი ორგანოს სკანირებას ვახდენთ, სტუდენტებს აქვთ შსაძლებლობა, ორგანო ყველა მხრიდან დაინახონ,“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ორგანოებში არის სტრუქტურები, რომელთა დანახვა რთულია. პროექტის საშუალებით კი სტუდენტებს ამ სტრუქტურებში „შეღწევის“ შესაძლებლობაც ექნებათ.