პაციენტს აქვს უფლება, იცოდეს მისი დაავადების მკურნალობის ყველა არსებული მეთოდის შესახებ, მათ შორის ისეთი მედიკამენტების თაობაზე, რომლებიც საქართველოში არაა რეგისტრირებული, თუმცა დამტკიცებულია ევროპისა თუ ამერიკის მარეგულირებლების მიერ.

ამის შესახებ კლინიკურმა ონკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, “ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის” ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ფიფიამ რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ საუბრისას განაცხადა. 


საკითხს ონკოლოგი წამყვანის შეკითხვაზე პასუხისას შეეხო, რომელიც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ამ განცხადების თანახმად, 60 ონკოლოგის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე შედგა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები სამართალდამცავ სტრუქტურებშიც გადაიგზავნა.

ნინო ფიფიას განმარტებით,  არსებობს ახალი თაობის მედიკამენტები, რომელთა ეფექტიანობა დადასტურებულია, თუმცა მათ დარეგისტრირებას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროში კი პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია მკურნალობის სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. 

„მაგალითად ავიღოთ თარგეტული, ანუ სამიზნე თერაპია, რომელიც მიმართულია კონკრეტული ცილის ან გენეტიკური მუტაციის დათრგუნვისკენ, რომელიც იყო წამყვანი კონკრეტული ონკოპათოლოგიის განვითარებაში. არის სხვადასხვა თაობის პრეპარატები, მაგალითად, ძუძუს კიბო რომ ავიღოთ, ჰერ2-დადებითი კიბოს შემთხვევაში, არის პირველი და მეორე თაობის მედიკამენტები, რომლებიც, საბედნიეროდ, ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაში. მესამე თაობა ასევე ხელმისაწვდომია. არის ასევე მეოთხე თაობა, რომელიც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, მალე ეს პრეპარატიც იქნება საქართველოში. ანუ დადებითი ძვრები ყველა მიმართულებით არის და ჩვენი ექიმები - მათ შორის მეც - გულწრფელად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პაციენტებს, რა შეგვიძლია, რა არის მოწოდებული თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით, შეგვიძლია თუ არა სრული უზრუნველყოფა და თუ კონკრეტულ სიტუაციაში არ შეგვიძლია მისი გამოყენება იმის გამო, რომ ჯერ პრეპარატი არ დარეგისტრირებულა, ეს უნდა იყოს განხილული პაციენტთან ერთად. ამის შემდეგ პაციენტი გადაწყვეტს,  საზღვარგარეთ შეძენით გადაჭრას ეს პრობლემა თუ დალოდებით, რომ მალე ჩვენთანაც იქნება,“ - განაცხადა ფიფიამ და აღნიშნა, რომ ასეთი პრეპარატების ნაწილი საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია.

მისი თქმით, ექიმები პაციენტებს სთავაზობენ იმას, რაც არის ბოლო სიტყვა ონკოლოგიაში, რაც სჭირდება უშუალოდ ამ პაციენტის კონკრეტულ ონკოლოგიას. ხოლო თუ ამწუთას საქართველო ვერ უზრუნველყოფს ამ პრეპარატზე წვდომას, პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევანი, აქ შეიძენს მას თუ წავ და უცხოეთში ჩაიტარებს მკურნალობას. იგივე ეხება ომუნოთერაპიას, რომლის ერთ-ერთი პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებულია და ფილტვის და ღვიძლის კიბოს მკურნალობაში გამოიყენება,  მაგრამ არსებობს სხვა სიმსივნეები - მაგალითად კანის კიბო, რომლის სამკურნალო იმუნოთერაპიის პრეპარატები დღესდღეისობით საქართველოში არ არის რეგისტრირებული, თუმცა ამერიკაშიც და ევროპაშიც ხელმისაწვდომია. ონკოლოგის თქმით, ამ ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პაციენტს. 


„რთულია აქ ისაუბრო იმაზე, რომ ექიმებს თურმე ჰქონიათ პირადი ინტეტესები. აქ ყველანი გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან, რომ შევთავაზოთ პერსონალიზებული მკურნალობა, რათა შედეგები უკეთესი იყოს და კარგი ხარისხით იცხოვროს ადამიანმა,“ - განაცხადა ფიფიამ.