სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანოს და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
შესაბამისი ცვლილებები „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში შედის.
დადგენილების თანახმად, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებლებისთვის განისაზღვრა შემდეგი ვალდებულებები:
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება მოიცავს ექიმის/მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული და სხვა სისტემების დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროგრამის მართვის გეგმის შემუშავებას, ფიზიკური ფაქტორების შერჩევას და/ან სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას.
ამასთან, ეს მოთხოვნები არ ვრცელდება სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელი სერვისების მიმწოდებელ არასამედიცინო დაწესებულებებზე (სარელაქსაციო მასაჟი/წყლის პროცედურები/ცურვა/წყლის აბაზანები და სხვ.), ასევე სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარებისა და აბილიტაციის/რეაბილიტაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებზე. აღნიშნული ასევე არ ვრცელდება ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმ-სპეციალისტის კაბინეტზე თუ იგი ახორციელებს მხოლოდ საკონსულტაციო სამედიცინო მომსახურებას.
რაც შეეხება საპროცედურო სივრცეებს (პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისები: სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, ინჰალაცია და სხვა პროცედურული სერვისები, რომლებიც საჭიროებს დამოუკიდებელ საწოლს/სავარძელს), მათ მიმართ მოთხოვნები შემდეგია:
სავალდებულოა პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისების არსებობის შემთხვევაში სულ მცირე 1 − არანაკლებ 12 კვ/მ სივრცისა.
რამდენიმე სხვადასხვა სახეობის პროცედურის ერთდროულად მიწოდების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც იზოლირებული სივრცეები, ასევე სივრცობრივი ზონირების პრინციპი, საჭიროებისას, ზონების გამიჯვნა შესაძლებელია ტიხრებით (შირმა, თეჯირი). 3-ზე მეტი პაციენტის მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცეში თითოეულ პაციენტზე დამატებით სავალდებულოა არანაკლებ 4 კვ/მ ფართობისა.
მსგავსი სტანდარტებია სარეაბილიტაციო სივრცეების მიმართ, რომლებიც განკუთვნილია ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისებისთვის, როგორებიცაა: ფიზიკური მედიცინა − სამკურნალო ვარჯიში, აპარატურული კინეზოთერაპია და სხვა მომსახურებები, რომლებიც საჭიროებს სივრცეს სავარჯიშო/ფიზიკური აქტივობებისთვის.
ტექნიკურ რეგლამენტში ასევე გაწერილია სველი წერტილების სგანთავსების სტანდარტები, მათ შორის უნდა იყოს ადაპტირებული სველი წერტილი შშმ პირებისთვის ყველა სართულზე, სადაც ხდება აღნიშნული სერვისის მიწოდება. გარდა ამისა, უნდა იყოს ფუნქციონირებადი ლიფტი და პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის.
სტანდარტების თანახმად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს რენტგენოლოგიური სერვისი, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ლაბორატორიული მომსახურება, რაც შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე.
დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ვალდებულებებს შორის ასევეა განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა, უწყვეტი ელექტრომომარაგება და წყალმომარაგება. დაწესებულებას/ერთეულს უნდა ჰყავდეს ექიმი − ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის სპეციალისტი. ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი საექთნო მომსახურება.
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის ფარგლებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი (ექიმები, ექთნები) და ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მონაწილეობდნენ მზადების პროგრამებში გულის გაჩერებისას პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით (როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ასაკის).
დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებისა და გაზომვის საშუალებას.
jandacva.ge