ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს წელს აღნიშნული ვირუსული დაავადების მქონე 12-მა პაციენტმა მიმართა. ამჟამად კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, რომლის მიმდინარეობაც სტაბილურია. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორზე თენგიზ ცერცვაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. 


ცერცვაძის თქმით, გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაღუპვის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს ყირიმ-კონგოს ცხელებით ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, რაც მიუთითებს, რომ პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა სათანადოდ ხდება.


„ჩვენი ინიციატივით, სამინისტრომ გაატარა რიგი ღონისძიებებისა, რომელთა ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ ყირიმ-კონგოს ცხელების მქონე ავადმყოფები კონცენტრირებულები ყოფილიყვნენ ჩვენს კლინიკაში, როგორც ინფექციურ დაავადებების დარგის მოწინავე კლინიკაში, რომელსაც ყირიმ-კონგოს ცხელების მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა 12 ავადმყოფი უმძიმესი იყო, არცერთი არ გარდაცვლილა. 2022 და 2023 წლებში ჩვენ გარდაცვალების 2 თუ 3 შემთხვევა გვქონდა. მთავარია, ყველა ექიმმა იცოდეს ყირიმ-კონგოს საწყისი ნიშნები და რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე ეჭვი მაინც იქნას მიტანილი, თუ დიაგნოზი არ დაისმევა. ამის შემდეგ კი პაციენტი გამოგზავნილ უნდა იქნას თბილისში. თუ დადგინდა ყირიმ-კონგოს ცხელება, დაუყოვნებლივ ხდება მისი გადმოყვანა ჩვენს კლინიკაში,“ - განუცხადა პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის: ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე და მათ აქტიურობას ხელს უწყობს თბილი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული. ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, თაგვები და სხვ.


ადამიანი ავადდება დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად, დაინფიცირებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან შეხების და ყირიმ კონგოთი ინფიცირებულ  პაციენტებთან ახლო კონტაქტის დროს.


ინკუბაციური პერიოდი, ძირითადად, 2-9 დღეა, თუმცა, შესაძლებელია, ორ კვირამდეც გაგრძელდეს. დაავადებას ახასიათებს სწრაფი განვითარება, უეცარი შემცივნება, ტემპერატურის მატება 39-40°С–მდე, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი). თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული, შესაძლებელია შედეგი ლეტალურად დამთავრდეს.


განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ვეტერინარები, მწყემსები, მწველავები, სასაკლაოს მუშაკები და ყირიმ-კონგოთი დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალი.