გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიმართვა წელს, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურია - ქვეყანაში შემოტანილი 200 ათასი დოზა ვაქცინიდან ამ ეტაპზე 70 ათასზე მეტი გამოყენებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილემ ეკა ადამიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ერთეული შემთხვევები უკვე ფიქსირდება, აქტიური ცირკულაცია კი ძალიან მალე დაიწყება.
სწორედ ამიტომ, ადამიას თქმით, იდეალური დროა ვაქცინის გასაკეთებლად, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას 10-დან 14 დღემდე პერიოდი სჭირდება.
ადამია ამბობს იმასაც, რომ მსოფლიოში უკვე დაფიქსირდა გრიპის აქტიურად გავრცელების შემთხვევები, მათ შორის იაპონიაში, სადაც ამ ვირუსმა ცირკულაცია იმდენად ადრე და მოულოდნელად დაიწყო, რომ ქვეყანაში ჩაკეტვის ღონისძიებებიც კი მიიღეს.
პედიატრ თემურ მიქელაძის განმარტებით, მართალია, ჯანმრთელ ბავშვებს გრიპი ადვილად გადააქვთ, თუმცა თუ მოზარდები ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ, ბავშვების აცრა რეკომენდებულია.
ამასთან, პედიატრის თქმით, ბავშვებში იმუნიტეტის ამაღლების მთავარი ფაქტორი ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობაა და არა პრეპარატები. ის ურჩევს მშობლებს, იზრუნონ, რომ მათი შვილები სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანს არ იყვნენ მიჯაჭვულები, დიდი დრო არ გაატარონ დახურულ სივრცეებში და აქტიურად იმოძრაონ.
ადამიას და მიქელაძის განცხადებით, ვაქცინები, რომელიც სახელმწიფომ ამ სეზონისთვის შეიძინა, მაღალი ხარისხისაა და მათი გაკეთება გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე - გრიპის სამკურნალო მედიკამენტების, რომელთა მიღება ადამიანებს დაინფიცირების შემთხვევაში უწევთ.
ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. ვაქცინაცია პირველივე ეტაპზე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და ის სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.





