B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დამატებით განმარტებებს აკეთებს. მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ არიან რისკის ქვეშ და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს B ჰეპატიტმა მკურნალობის არარსებობის პირობებში. 
მისი თქმით, საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის პროგრამების მიმართულებით, ახლა კი ამ პროგრამებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც შეემატა.

„რჩებოდა ერთი ძალიან სერიოზული ეპიდემია - B ჰეპატიტის, რომელიც სისტემური ხასიათით, სახელმწიფო დონეზე არ იყო გადაწყვეტილი. ესაა ძალიან კარგი პროგრამა და არაფრით ნაკლები, ვიდრე შიდსის და C ჰეპატიტის. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ გავითვალისწინეთ გარკვეული გამოცდილებები და სირთულეები, რაც ამ პროგრამების დროს იყო და აქ უკვე ყველაფერი გაკეთებულია. B ჰეპატიტი არანაკლებ საშიში დაავადებაა, ვიდრე C ჰეპატიტი. უფრო საშიშიცაა. უბრალოდ, შემთხვევები რაოდენობრივად შედარებით ნაკლები იყო. ამიტომ იყო C ჰეპატიტზე უფრო დიდი აჟიოტაჟი. 2 წლის წინ ჩატარებული კვლევებით დავადგინეთ, რომ საქართველოში მოსახლეობის 2,7% ინფიცირებულია B ჰეპატიტით. ესაა დაახლოებით 70 ათასი ადამიანი და თუ ისინი არ იქნებიან დროულად დიაგნოსტირებულნი და სათანადოდ ნამკურნალევი, მათ სერიოზული გართულებები ემუქრებათ. B ჰეპატიტს ახასიათებს უმძიმესი გართულებები - ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა. ვინც B ჰეპატიტს უფრო იოლად უყურებს, ვიდრე C-ს, მინდა ვუთხრა, რომ B ჰეპატიტის ონკოგენურობა ანუ ავთვისებიანი სიმსივნის გამოწვევის უნარი უფრო მაღალია, ვიდრე C ჰეპატიტის. ღვიძლის კიბოების დაახლოებით 85%-ით გამოწვეულია B ჰეპატიტით. და საერთოდ, ღვიძლის კიბოების დაახლოებით 80% გამოწვეულია B და C ჰეპატიტით,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში 2002 წლიდან ხორციელდება ახალშობილთა ვაქცინაცია. ამიტომ 2002 წლის შემდეგ დაბადებულებში B ჰეპატიტი პრაქტიკულად არ გვხვდება, თუ რაიმე შეცდომა არ გაიპარა და ვაქცინაცია არ ჩავარდა. 22 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში კი B ჰეპატიტი დაახლოებით 70 ათას კაცს აქვს.


„არის ერთი თავისებურება - C ჰეპატიტისგან განსხვავებით, რომლით ინფიცირებულსაც, ისევე როგორც აივ-შიდსიან პაციენტს, დაუყოვნებლივ უწყებენ მკურნალობას, B ჰეპატიტიანი ავადმყოფებიდან ყველა არ საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას. ვიდრე დაავადება მიდის „მშვიდობიანად“ და არ იწვევს სასიკვდილო გართულებებს და დაზიანებებს, ასეთ ადამიანებს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება არ ესაჭიროება. თუმცა მოგვიანებით მას შესაძლოა დასჭირდეს მკურნალობა და პროგრამაში ესეც გათვალისწინებულია,“ - განმარტა ცერცვაძემ.

მისი თქმით, სკრინინგის ჩატარება B ჰეპატიტზე ყველა მსურველს შეუძლია. 


ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, მივიდეს იმ კლინიკებში, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში და გაიარონ შემოწმება. ასეთი კლინიკები თბილისში 6-ია, რეგიონებში კი 8. თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანს არ აქვს B ჰეპატიტი და არც გადატანილი აქვს ეს ვირუსი, მას უფასო ვაქცინაცია შეეთავაზება.

„ეს პროგრამის უნიკალური მომენტია  - C ჰეპატიტს და შიდსს ვაქცინა არ აქვს. მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება ახალშობილთა ვაქცინაცია, მაგრამ ძალიან ცოტა ქვეყანაში ხდება მოზრდილი მოსახლეობის უფასო ვაქცინაცია. ჩვენთან დღეიდან მოსახლეობას ამის საშუალება აქვს. ვაქცინაცია ადამიანს პრაქტიკულად 100%-იან გარანტიას აძლევს, რომ მომავალში მას B ჰეპატიტი არ დაემართება,“ - აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა.

რაც შეეხება ინფექციის გადადების გზებს, ცერცვაძის განმარტებით, არსებობს გადადების რამდენიმე გზა - მთავარი კი არის სქესობრივი კონტაქტი და სისხლით გადაცემა (მათ შორის ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებში).

„B ჰეპატიტი C ჰეპატიტისგან იმით განსხვავდება, რომ C ჰეპატიტი ძალიან რთულად გადადის სქესობრივი გზით - სულ რაღაც 5%-ში.  B ჰეპატიტი კი ძალიან იოლად გადადის სქესობრივი კონტაქტით. რისკჯგუფებში, ინტრავენური ნარკოტიკების გარდა, არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახლო წარსულში გაუკეთებიათ ოპერაციები, სისხლის გადასხმები, ასევე აქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირები. თუმცა რატომ მარტო რისკ-ჯგუფები? ყველამ უნდა გამოიკვლიოს. შეიძლება, არ გქონდეთ რისკ-ქცევა ან არ იცოდეთ, რომ ასეთი ქცევა გაქვთ, მაგრამ B ჰეპატიტი მაინც დაგემართოთ თუნდაც საყოფაცხოვრებო პირობებში,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე B ჰეპატიტს არ ახასიათებს სიმპტომები. ამასთან, B ჰეპატიტი, განსხვავებით C ჰეპატიტისგან, სრულად განკურნებადი არ არის და ამ კუთხით შიდსს გავს. პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს მედიკამენტი, რომელიც მის სისხლში ვირუსის კონცენტრაციას ანულებს. შედეგად,  მკურნალობაზე მყოფ ადამიანს ვირუსი ზიანს ვერ აყენებს და გართულებებს არ იწვევს. B ჰეპატიტის გენეტიკური მასალა კი რჩება ადამიანის ორგანიზმში და მისი სრული ელიმინაცია ორგანიზმში არ ხდება, განსხვავებით C ჰეპატიტისგან. ცერცვაძის განმარტებით, ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას თვალს ადევნებს,  პერიოდულად იტარებს გამოკვლევებს, როგორც ეს პროგრამაშია გათვალისწინებული, ის გარანტირებულია, რომ B ჰეპატიტი მას არაფერს დაუშავებს და იცოცხლებს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენსაც იცოცხლებდა B ჰეპატიტის გარეშე. 
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, დაუყოვნებლივ მკურნალობა დაახლოებით 35 ათასს ესაჭიროება - ვისაც B ჰეპატიტი დაუდასტურდება, ჩაუტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები და ვისაც ღვიძლის გარკვეული დაავადება აქვს - ციროზი და თუნდაც ფიბროზი ანუ ციროზის საწყისი სტადია - პირველ რიგში მკურნალობას მას დაუწყებენ. დანარჩენები მკურნალობაში მომდევნო ეტაპზე ჩაერთვებიან. 

jandacva.ge