ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოუწოდებს B ჰეპატიტის მქონე პაციენტებსა და რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს, წინასწარი კვლევები დროულად ჩაიტარონ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სექტემბრიდან მედიკამენტის მიღება დაიწყონ, რომელიც ქვეყანაში სწორედ აღნიშნული თვიდან შემოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან დაიწყო - პაციენტები სერვისს სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს - პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.
გთავაზობთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც ტესტირება უკვე მიმდინარეობს:
იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი, ქუთაისი;
ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, გურჯაანი;
„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“;
„ავერსის კლინიკა“, თბილისი;
„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“, გორი;
ს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“, ქუთაისი;
„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრი“, თბილისი;
„სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის,შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“, ბათუმი;
„ნეოლაბი“, თბილისი;
ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, თბილისი;
„რუსთავის მედიცინის სახლი-N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“.
„B ჰეპატიტი მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი დაავადებაა და პროგრამის მიზანია, შეამციროს ბე ჰეპატიტთან დაკავშირებული ავადობა, ინფექციის გავრცელების რისკები და ის მძიმე კლინიკური შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს არანამკურნალევ, უმართავი ფორმით მიმდინარე დაავადებას.
მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის თვიდან, მანამდე კი მნიშვნელოვანია, პაციენტებმა ჩაიტარონ წინასწარი შესაფასებელი გამოკვლევები, მოემზადონ მკურნალობის დასაწყებად ექიმის დანიშნულების მიხედვით და შემდეგ, მედიკამენტის ქვეყანაში შემოსვლისთანავე ისინი მიიღებენ მათთვის საჭირო მედიკამენტს უწყვეტად, რათა თავიდან აიცილონ ის გართულებები, რაც ქრონიკულ ჰეპატიტს უკავშირდება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.