მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც.
„მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე და საკითხის სპეციფიკა არის ძალიან მსგავსი. აქაც არის იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ არის სააფთიაქო ქსელები. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსია თავისი არსით საკითხები, იგივე ეხება საწვავსაც, გადავწყვიტეთ ყველა ეს საკითხი გაგვეერთიანებინა. საბოლოო ჯამში, ეს არის, მთლიანობაში, ერთგვარი პირველადი მოხმარების პროდუქცია, რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, თითქმის ყველა მოქალაქე, სამივე საკითხს თუ შევეხებით. საკითხის აქტუალობიდან და დაკავშირებადობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში მოვიცვათ სამივე თემა“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ: 2025 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. ამის მიზეზი კი, ირაკლი კობახიძის თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატია, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მისივე თქმით, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ამ განცხადებიდან მალევე, პრემიერ-მინისტრმა სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. კომისიაში სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები შედიან. ჯანდაცვის მინისტრის გარდა, კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვები.
დღეს, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში მწარმოებლების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება. ახლო მომავალში ასევე დაანონსებულია შეხვედრა ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებთან.





