რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ერთ-ერთ იმპორტირებულ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით გაფრთხილებებს აძლევს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უწყებაში შევიდა „მყისიერი შეტყობინება“ პაკისტანში აღმოჩენილი ფალსიფიცირებულ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით. 
შეტყობინების თანახმად, ნივთიერება PROPYLENE GLYCOL-ში  ანალიზის შედეგად დაფიქსირდა ეთილენგლიკოლის შემცველობის მაღალი დონე, რომელიც მიღების შემთხვევაში შესაძლოა იყოს ტოქსიური. 


რეგულირების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ნივთიერება მიჩნეულია მიზანმიმართულად და თაღლითურად არასწორად მარკირებულ პროდუქტად, რომლის დისტრიბუცია შესაძლოა განხორციელდა სხვა ქვეყნებშიც, არარეგულირებადი ბაზრების მეშვეობით.


„შეტყობინებაში დაფიქსირებული დამხმარე ნვთიერება საფრთხის შემცველად  უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან მათმა სამკურნალო საშუალებაში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვებში,“ - ნათქვამია რეგულირების სააგენტოში. 

ამიტომ, სააგენტო დაინტერესებულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აძლევს რეკომენდაციას, აღნიშნული დამხმარე ნივთიერებები შესყიდული იქნას კვალიფიცირებული და დამტკიცებული მომწოდებლებისგან. ამასთან უწყების მოწოდებაა, ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებმა შეწყვიტონ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ცხრილში მითითებული PROPYLENE GLYCOL-ის სერიების წარმოებაში გამოყენება. ასევე, შეწყდეს ნებისმიერი მზა პროდუქტის დისტრიბუცია და რეალიზაცია, რომელშიც გამოყენებულია პოტენციურად დაბინძურებული დამხმარე ნივთიერება.