შრომით ბაზარზე ფარმაცევტების დეფიციტია, რის გამოც კადრების გადინების მატების შემთხვევაში, შესაძლოა, კადრების მოსაძიებლად დიდი ხარჯების გაწევა გახდეს საჭირო. 

ამის შესახებ სს „გეფას“ 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, ჯგუფის წარმატება დამოკიდებულია მის უნარზე მიიზიდოს და შეინარჩუნოს პროფესიონალი ფარმაცევტები. ხოლო თუ კომპანია ვერ შეძლებს წარმატებით შეასრულოს ეს ფუნქცია, ჯგუფის განვითარება, შეთავაზებული სერვისების ხარისხი და რეპუტაცია საფრთხის წინაშე იქნება.

„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს საკითხი და ჯგუფი ბევრ რესურსსა და ენერგიას ხარჯავს ამ მიმართულებით, რაც გამოიხატება კონკურენტუნარიან ბონუსებსა და სხვა სარგებელში, რომელსაც ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ,“ - ნათქვამია ანგარიშგებაში. 

დოკუმენტის თანახმად, კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საოპერაციო საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებზე. ამის გათვალისწინებით, ჯგუფის განცხადებით, ის ცდილობს წაახალისოს თანამშრომელთა ჩართულობა ინფორმაციის მუდმივი გაზიარების გზით.