ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 


უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აკრედიტაციას კიდევ რამდენიმე კლინიკა მიიღებს. 

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის - AACI განცხადებით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა მათი სტანდარტები და უახლოეს პერიოდში მიიღებს აკრედიტაციას. 


ინფორმაციას „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, იგივე ეტაპზეა საგიტარიუსის და კანვენის კლინიკების აკრედიტაციის პროცესიც.
AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70%-იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ აკრედიტაციას, დანარჩენი ორი საკმაოდ ახლოსაა ზღვართან და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ისინიც შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას.

„სასიხარულოა, რომ წინასწარი შეფასების შედეგად უმეტესობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება, წლის ბოლომდე ყველას ექნება ვადა გამოასწოროს ხარვეზები. მთავარია, იყოს მენეჯმენტის მყარი გადაწყვეტილება. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც მათ მიეცათ“, - აცხადებს მორჩილაძე. 
AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ 210 ჰოსპიტალს, რაც კლინიკების 78%-ს შეადგენს, დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე.

კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა მომავალი წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება. საქართველოს ბაზარზე უკვე რამდენიმე უცხოური მააკრედიტებელი ორგანიზაცია შემოვიდა.


ჯანდაცვის სპეციალისტის ეკა პაატაშვილის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის შემდეგ პაციენტის უსაფრთხოების კუთხით გაცილებით კარგი ვითარება გვექნება. სპეციალისტები ასევე აცხადებენ, რომ აკრედიტაციის შედეგად მინიმუმამდე დავა სამედიცინო შეცდომებში ადამიანური ფაქტორი, გაიზრდება სერვისის ხარისხი და პაციენტთა კმაყოფილების დონე.