არ შეიძლება უმცროსი ექიმი რეზიდენტურის გავლის დროს იქეთ უხდიდეს კლინიკას ჰონორარს და შემდეგ ლიცენზირებულს 1000 ლარი ჰქონდეს ხელფასი, როცა კლინიკის მეპატრონე მილიონობით მოგებას იღებს ყოველ წელს. ასე მედიცინა ვერ განვითარდება და პერმანენტულად დავკარგავთ კვალიფიციურ კადრებს.

ამის შესახებ შვეიცარიაში მცხოვრები ექიმი ზაზა ზივზივაძე წერს ფეისბუქ-პლატფორმა Speech • სფიჩი-ზე, რომელიც საქართველოდან უცხოეთში წასულ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ისტორიებსა და მოსაზრებებს აქვეყნებს.

„ექიმს და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, თუ გვინდა განვითარება,“ - წერს ზაზა ზივზივაძე. 


„შვეიცარიაში მედიცინა ძალიან განვითარებულია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გაზარდოს მხოლოდ პროფესიონალი კადრები. მათი პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებით ყოველ დღე შეიძლება განცვიფრდე ადამიანი. ამ რეალობაში ყველანაირი პირობა გეძლევა, რომ საკუთარი ნიჭით და დაუღალავი შრომით მიაღწიო წარმატებას. ადვილი არაა, მით უმეტეს უცხოელისთვის, მაგრამ ვინც მოინდომებს, ის აუცილებლად მიაღწევს საკუთარ მიზანს, რადგან აქ შრომას აფასებენ. 


ვისურვებდი, საქართველოშიც მოგვეცეს საშუალება ჩვენი ცოდნის და გამოცდილების რეალიზების. 
აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ერთმანეთის შრომას დავაფასებთ. უკან დაბრუნება კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე აქამდე განვლილი გზა, მაგრამ ამაში სახელმწიფომ უნდა ითამაშოს დადებითი როლი და გამოხატოს ინტერესი.

 
ჩემი მომდევნო გამოწვევაა საოჯახო და გადაუდებელი მედიცინის ცენტრის დაარსება ქალაქ ლუცერნში და შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მიზანს აუცილებლად მივაღწევ.


ახალგაზრდებს, ჩემს მომავალ კოლეგებს მინდა ვურჩიო, რომ არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების. ყველა ახალი დაბრკოლება მხოლოდ გაგაძლიერებთ და დაგაყენებთ სწორ გზაზე. ერთ კარებს თუ დაგიკეტავენ, შემოტრიალდით და დაინახავთ, რომ სხვა უამრავი კარია თქვენთვის ღია,“- აცხადებს ზაზა ზივზივაძე, რომელიც ამ ეტაპზე ციურიხის ერთ-ერთი კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექიმია.