ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს უამრავ გადარჩენილ სიცოცხლეს.

ამის შესახებ ქირურგმა კობა შანავამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებების შეფასებისას განაცხადა. შეგახსენებთ: გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

აქამდე, ოპერაცია ნაწილობრივ ფინანსდებოდა და 120 ათასი ლარიდან პაციენტს 50 ათასი ლარის მობილიზება თავად უწევდა.. ამიერიდან კი ეს ოპერაცია სრულად, 120 000 ლარით დაფინანსდება, იგულისხმება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.

„ნაწილი, რაც პაციენტებისთვის იყო დასამატებელი, ძალიან დიდ თანხას წარმოადგენს და რეალურად ბევრი პაციენტისთვის იყო ხელმიუწვდომელი.  გამომდინარე აქედან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არის უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე,“ - განაცხადა ქირურგმა. მისი თქმით, არსებობს ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მომლოდინე პაციენტთა სია, რომელიც საკმაოდ დიდია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოპერაცია ძვირადღირებულია, ამ პაციენტებს შორის ბევრია ისეთი, რომელსაც დარჩენილ თანხაზე - 50 ათას ლარზე ხელი არ მიუწვდება. სამინისტროს გადაწყვეტილება კი მათ ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ წელს საქართველოში ტრანსპლანტაციის 26 ოპერაცია ჩატარდა, მათ შორის თირკმლის - 16 და ღვიძლის 10.