ვერაფრით მივედით იმ სანუკვარ მიზნამდე, რასაც პირველადი ჯანდაცვის განვითარება ჰქვია. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა,  MyDoc-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი სასანიამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის სერვისები მოსახლეობის 80-90%-ს სჭირდება, 20% -ს კი ჰოსპიტალური მომსახურება. ჩვენთან კი პირიქითაა, რის გამოც თანხები არაადეკვატურად არაეფექტუეეად იხარჯება.

„პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან, ესაა პირველი ინსტანცია, რომელმაც იცის ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეუძლია მათი მართვა. მოსახლეობის დიაგნოსტირება - ესაა საზოგადოებრივი  და პირველადი ჯანდაცვის ამოცანა და შემდეგ - პრევენციის მთელი რიგი ღონისძიებების მიღება,“ - განმარტა ექსპერტმა. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების დაბალი დონე ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მაღალი დანახარჯების მიზეზია.

მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის მიზანი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვასთან ერთად, ისიცაა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელი ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჯანმრთელი. სწორედ ესაა პირველადი ჯანდაცვის როლი. 

ირაკლი სასანია დაავადებების პრევენციის საკითხში ტელემედიცინის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს და იმასაც ამბობს, რომ დღეს ბევრი ტექნიკური საშუალებაა, რომ ადამიანებმა თავად გაიზომონ სხვადასხვა პარამეტრები.