კლინიკების კერძო სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევა რეანიმაციის დაფინანსებაა. სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის - DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკულად ყველა კლინიკის რეანიმაციის განყოფილებები ზარალზე მუშაობენ.

ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო კიკნაძის განცხადებით, სექტორისთვის ყველაზე კრიტიკულია რეანიმაციის დაფინანსება, რომელიც სტაციონარულ დაფინანსებაში შედის და არაა ცალკე რეანიმაციის დაფინანსება.  

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტარიფების გადახედვა, რადგან დიარჯის ფარგლებში ტარიფები დაბალია. ასევე პრობლემაა დაგვიანებული ჩარიცხვები, რომლიც ბოლო 2 წელია 3 თვეს აჭარბებს და ხშირ შემთხვევაში 4 თვეა,“ - განაცხადა ნინო კიკნაძემ.  

კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე დადებითად აფასებს ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკების წარმომადგენელთა შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უწყებასთან კომუნიკაცია დარგობრივ დონეზე, პატარ-პატარა ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება. კობახიძე დადებითად აფასებს კიდევ ერთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ განისაზღვრება სტრატეგია, რათა სწრაფი გადაწყვეტილებები არცერთი მხრიდან არ იყოს. 

ნინო კობახიძე გამოწვევად აფასებს იმას, რომ ზოგ შემთხვევაში კლინიკების შემოწმება ხისტად ხდება.
„უნდა შევჯერდეთ მეთოლოგოებზე, რათა დაცული იქნას პაციენტის ინტერესი და რეგიონულ დაონეზე გავხდეთ მისაბაძი სამედიცინო სექტორის მქონე ქვეყანა,“ - აღნიშნა კობახიძემ.