სახელმწიფომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მკურნალობის ტარიფი შეამცირა.
ახალი დადგენილება, რომლითაც ტარიფებში ცვლილება შევიდა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
ცვლილებების თანახმად, შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში, ანაზღაურდება:
0 − 17 წლის ასაკის ჩათვლით − 636.96 ლარით; 18 წელზე და მეტ ასაკში − 553.47 ლარით.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და ის ვრცელდება დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ დამდგარ შემთხვევებზე.
ამასთან. როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − შემთხვევა ანაზღაურდება 3,507.03 ლარით.
მანამდე მოქმედი ტარიფით, თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის მკურნალობაზე სახელმწიფო ჯამში 950 ლარს იხდიდა, ხოლო თუ სტაციონარში მოთავსებული პაციენტისთვის (როცა ის გარკვეული პერიოდი საჭიროებდა ინვაზიურ ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატებოდა თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − მკურნალობა 4500 ლარით ნაზღაურდებოდა.
ტარიფი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/ სამეურნეო ხარჯებს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს სახელმწიფო ქირაობდა საწოლფონდს და იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის დაკავებული, თანხას მაინც იხდიდა. შესული პაციენტის მკურნალობა კი ფაქტოვრივი ხარჯის მიხედვით ანაზღაურდებოდა. გასული წლის მარტიდან კი კლინიკები ანაზღაურებას მხოლოდ პაციენტზე გაწეული ფაქტიური ხარჯის მიხედვით იღებენ.
jandacva.ge