საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისგან პაციენტების უფლებების დაცვასა და მათი კმაყოფილების ზრდას მოითხოვს, რაც არა მხოლოდ პაციენტების, თავად სამედიცინო ბიზნესის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ხელმძღვანელი მეგი საჯაია საუბრობს. 
მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, როდესაც იზრდება პაციენტების სარჩელების რაოდენობა. დავები ეხება როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

საჯაიას თქმით, პრობლემას ქმნის არამხოლოდ არასათანადო სერვისები, არამედ პაციენტებთან არასწორი  კომუნიკაცია. ექიმებისა და პაციენტების დიდი ნაწილი არ ფლობს სრულ ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ან უგულებელყოფს ამას.  შესაბამისად, მისივე შეფასებით, გამოსავალი ამ ხარვეზების გამოსწორებაა.

„ამ კუთხით დადებითი გავლენა ექნება საერთაშორისო აკრედიტაციას, რომელიც  გვავალდებულებს, რომ ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს პაციენტებთან ჯანსაღი და სწორი კომუნიკაცია,  ჩატარდეს პაციენტთა გამოკითხვები და ამაზე დაყრდნობით დაინერგოს გარკვეული პროცესები კლინიკებში. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ეს საქართველოში არ კეთდება ან ფორმალურ ხასიათს ატარებს. 


არ ხდება ამ სტანდარტების ჯეროვანი დაცვა და როცა სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის წინააღმდეგ პაციენტი მიმართავს სასამართლოს, ხშირ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი დგება. მიზეზი ისაა, რომ  ინფორმირებული თანხმობა უხშირეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს. ეს თანხმობა არ ივსება იმ წესით, როგორც უნდა კეთდებოდეს. 

ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს, რომ პაციენტს უნდა მივაწოდოთ ჯეროვანი ინფორმაცია დაგეგმილი მანიპულაციის შესაძლო გართულებებისა და რისკების შესახებ. შესაბამისი ჩამონათვალი არის კანონმდებლობაში და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ევროპულ ქვეყნებთან ერთად არის ერთ-ერთი, რომელსაც აქვს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. მაგრამ, როგორც ბევრ სფეროში, არ ხდება ამ კანონის ჯეროვანი აღსრეულება. ექიმები პაციენტებს არ აწვდიან სრულ ინფორმაციას მოსალოდნელი გართულებების ან მკურნალობის ალტერნატიული გზების შესახებ, რასაც პაციენტი იტარებს. ხოლო როცა გართულებები ხდება, პაციენტი იწყებს დავას. თუ ეს კომუნიკაცია გაუმჯობესდება, დამერწმუნეთ, რომ ძალიან შემცირდება საჩივრების რაოდენობა,“ - განაცხადა მეგი საჯაიამ.

მისი თქმით, საერთაშორისო აკრედიტაცია ის მსოფლიო სტანდარტია, რომელმაც ჩამოთვლილი პრობლემები უნდა მოაგვაროს. შედეგად გაიზრდება პაციენტთა კმაყოფილება და კლინიკების ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

„სამედიცინო სერვისების მიწოდება საქართველოში მომგებიანი ბიზნესია.  ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა და თუ კლინიკების მეპატრონეები პაციენტების კმაყოფილების კვლევებს რეალურად დანერგავენ, მოუსმენენ საკუთარ ოპაციენტებს და მათი ანალიზის საფუძველზე მენეჯმენტი გააანალიზებს, რა უნდა გაკეთდეს, რათა გაუმჯობესდეს სერვისების ხარისხი და პაციენტებთან ურთიერთობა. ეს ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. გარდა ამისა, პაციენტი აღარ მიმართავს სასამართლოს და რეგულირების სააგენტოს. 


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინანსურის გარდა, დიდი ზარალი ადგება კლინიკების რეპუტაციულ იმიჯსაც, როცა პაციენტები უკმაყოფილებას სოცქსელებისა და ტელევიზიები საშუალებით გამოთქვამენ,“ - აღნიშნა მეგი საჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა მომავალი წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება. საქართველოს ბაზარზე უკვე შემოსულია რამდენიმე უცხოური მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებებთან მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.