ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ყაზახეთში, პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რეგიონში, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, თამარ გაბუნია, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე, ევროპის ქვეყნებში, პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ, საქართველოში, ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს.


მათ შორის, აქცენტი გააკეთა სტანდარტიზებულ ელექტრონულ საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონულ სისტემებზე, ტელემედიცინაზე, ელექტრონული რეფერალის პლატფორმაზე.


თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სხვადასხვა სოფლის ამბულატორიებში მოქმედებს. პანელურ დისკუსიაზე, მინისტრის მოადგილემ, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, ევროპის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები. 

პირველადი ჯანდაცვის საკითხზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ, რომლის განცხადებითაც, ევროპის რეგიონში ჯანდაცვის სისტემები კრიზისშია და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას. 

“WHO-ს ევროპის რეგიონში ჯანდაცვის სისტემები კრიზისშია და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას. ეს მოიცავს ჯანდაცვის მუშახელის ძლიერ და მუდმივ დეფიციტს, რაც თავის მხრივ იწვევს უკმაყოფილებასა და შეფერხებებს მომსახურებაში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში; მოსახლეობა სწრაფად ბერდება, რაც დიდი წნეხის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის სისტემებს; შეფერხებულია ყველა სამედიცინო სერვისი: კიბოს სკრინინგიდან ოპერაციებამდე; პანდემიის გამო ასევე შეფერხდა მედიკამენტებისა და ვაქცინების მიწოდების ჯაჭვი. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდების ღირებულება იზრდება, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთათვის, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალები კი პროფესიულ გადაღლას ებრძვიან,“ - აცხადებს კლუგე და ამბობს, რომ გადახედვის და გადატვირთვის დროა და გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ პირველადმა ჯანდაცვამ უნდა დაიკავოს კუთვნილი ადგილი ჩვენს ჯანდაცვის სისტემებში: ყველაზე მაღლა და არა ბოლოში.

კლუგე ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვა არც ხარჯია და არც ფუფუნება, არამედ გრძელვადიანი ინვესტიცია ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობისთვის, რომელსაც მოაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით.