3-4 წელიწადში საქართველოს განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფო ექნება, რომელიც მსოფლიოში  არსებულ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და ამით რესპუბლიკური კლინიკის საკითხს დაუბრუნდა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში დაპაუზებული იყო. ამ პაუზის მიზეზი დამატებითი კვლევების ჩატარება იყო, რომლებმაც, მინისტრის თქმით, საბოლოოდ დაადასტურა, რომ არსებული შენობის ბაზაზე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების შექმნა შეუძლებელია. 

ახალი დასკვნებიდან ერთ-ერთი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მომზადდა, მეორე კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეკუთვნის. 

იმის შესახებ, რომ კლინიკა არსებულ პირობებში მუშაობას ვერ გააგრძელებს, საუბარი წლებია მიმდინარეობს. ეს საკითხი განსაკუთრებით გასული წლის თებერვლიდან გააქტიურდა, როცა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული შენობა დაინგრეოდა და იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა აშენდებოდა. 


ამ განცხადებას კლინიკის პერსონალის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მედიკოსები საავადმყოფოს რეაბილიტაციას ან ახალი შენობის აგებას მუშაობის პროცესის უწყვეტობის პირობით ითხოვდნენ. ზურაბ აზარაშვილის განცხადებიდან რამდენიმე დღეში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკის მედპერსონალს პირობა მისცა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. კომპენსაციის საბოლოო პირობები მედპერსონალს სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს გააცნეს. 


იმას, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაშია, შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული ბოლო შემოწმების ამსახველი ფოტოებიც ადასტურებს.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 1973 წელს გაიხსნა. 

გასული წლის აპრილში გამოქვეყნებული წლიური მონაცემებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თვიური საშუალო ხარჯი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. თვიური საშუალო შემოსავალი კი 1.5 მილიონი ლარია, შესაბამისად, საოპერაციო ზარალი  1.4 მილიონი ლარია. დაწესებულებაში დაახლოებით 900 ადამიანია დასაქმებული.