კლინიკებს თავად ექნებათ შესაძლებლობა, შეკრიბონ მონაცემები მათი სერვისის ხარისხის, ლეტალობის მაჩვენებლისა და სხვა ინდიკატორის შესახებ და, შესაბამისად, თვალი ადევნონ, როგორ პოზიციაში არიან ისინი სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული სიახლის კომენტარისას განაცხადა. საუბარია ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვით, კლინიკები ლეტალობის, რეჰოსპიტალიზაციის და სხვა ინდიკატორების მიხედვით შეფასდბიან და ამის საფუძველზე მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მათი მონაწილეობა. ინდიკატორების ჩამონათვალი მარტის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.


გაბუნიას განმარტებით, ბაზისურ ინდიკატორებად აღებულ იქნა გარდაცვალების ან ჰოსპიტალში გაწერიდან მალევე განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია, და სხვა. მთავარი მიზანია, განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია ჰოსპიტალში თავიდან აცილებადი ცუდი შედეგების პრევენცია. 


სისტემური ანალიზი კი, მინისტრის მოადგილის თქმით, შექმნის შესაძლებლობას, განისაზღვროს, რომელი ჰოსპიტალია უკეთესი ხარისხის სერვისის მიმწოდებელი და სადაა მეტი რისკი პაციენტისთვის. რაც შეეხება იმას, რეგულაცია გამოიწვევს თუ არა კლინიკების ნაწილის დახურვას, გაბუნია განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის მკაფიო კრიტერიუმები მოქმედებს, ახალი ინდიკატორები კი დამატებით მექანიზმს შექმნის.

„ჰოსპიტლებისთვის ნებართვის შეჩერების მექანიზმი კანონმდებლობითაა გაწერილი და ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი. საერთაშორისო გამოცდილება უჩვენებს, რომ ინდიკატორების მიხედვით ამის პირდაპირი დადგენა არ ხდება, თუმცა ინდიკატორისგან ჩამორჩენა საშუალო ან ეროვნული  მაჩვენებლებით, შესაძლოა გახდეს საფუძველი დამატებითი შესწავლისთვის და მიზანიც სწორედ ესაა, რომ გამოვლინდეს ძირითადი, საგანგაშო ნიშნები, თუკი რომელიმე ჰოსპიტალში არის ძალიან მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს შედარებადი უნდა იყოს რისკის ჯგუფების და პროფილის მიხედვით. ეს, რა თქმა უნდა არის იმის საფუძველი, რომ მოხდეს დამატებითი შესწავლა და დაისვას ჰოსპიტლის შემდგომი საქმიანობის საკითხი, იქნება ეს კონტრაქტირების თუ  ნებართვის ნაწილში,“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.