თუ კლინიკები მოინდომებენ და აქტიურად ითანამშრომლებენ  მააკრედიტებელ ორგანიზაციებთან, მათთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა პრობლემა არ იქნება. ამისთვის მათ სავსებით საკმარისი დრო და რეალისტური პირობები აქვთ.

ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ jandacva.ge-ს განუცხადა. აღნიშნული გაერთიანება 2023 წლის 14 ივნისიდან საქართველოში ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალური წარმომადგენელია.  მათთან უკვე ათეულობით  კლინიკას აქვს შეტანილი განაცხადი აკრედიტაციისმოპოვების მიზნით. კითხვაზე, მისი პროგნოზით, კლინიკებს შორის რამდენი პროცენტი ვერ მიიღებს აკრედიტაციას, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ ამის წინასწარ თქმა რთულია, რადგან აკრედიტაციის პირობებიც და საფასურიც სრულიად მისაღებია და გადამწყვეტი ფაქტორი კლინიკების მონდომება და აქტიურობაა.

„კლინიკებს შორის, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს, რამდენიმეა ისეთი, რომელიც 6-8 თვეში შეძლებს აკრედიტაციის პროცესის დასრულებას. ესაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ინტენსიურად იმუშავებენ, გაივლიან ტრენინგებს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომლებსაც აკრედიტაციის ორგანო სთავაზობს. თუ ვინმე ვერ შეძლებს აკრედიტაციის გავლას, ესე იგი ისინი ვერ აყვნენ  პროცესს ან არ მოისურვეს და საქმიანობას სხვა სფეროში გააგრძელებენ,“ - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ. 


კითხვაზე, არის თუ არა ამ პროცესში დაბრკოლება პროცესის ფინანსური მხარე, რაზეც შედარებით მცირე და პროფილური კლინიკები საუბრობენ, მორჩილაძე ამბობს, რომ ეს რეალური პრობლემა არ არის, რადგან ამბულატორიების შემთხვევაში საუბარია დაახლოებით 12 ათას დოლარზე, რომელიც დაწესებულებამ 3 წელიწადში უნდა გადაიხადოს. სტაციონარს კი 20 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს იგივე პერიოდში. ამას, არჩილ მორჩილაძის შეფასებით, კლინიკები  რეპუტაციული თვალსაზრისით და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საკუთარი ინიციატივით, ისედაც უნდა  აკეთებდნენ.  

„თუ თვლი, რომ ხარისხი და პაციენტთა მომსახურება უნდა გააუმჯობესო და გაქვს შესაძლებლობა, მიიღო ამერიკული აკრედიტაცია, ამ თანხების ამ მიზნით დახარჯვა ნებაყოფლობითაც უნდა გსურდეს. თანაც ამ სერვისს კლინიკებს სთავაზობს ისეთი მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში 2000 კლინიკა ყავს აკრედიტებული, სთავაზობს მაღალ ხარისხს, ტრენინგებს, რაც საბოლოო ჯამში კლინიკას საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ მკურნალობის ხარისხი,“ - განმარტა არჩილ მორჩილაძემ. 


მან ასევე დასძინა, რომ ამერიკული აკრედიტაციის  ფლობა სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოებთან ხელშეკრულებების წარსადგენად კი სამედიცინო დაწესებულებებს ვადა წლის ბოლომდე აქვთ.

jandacva.ge