იმ კლინიკებში, რომლებიც შესაბამისი სტანდარტებით ოპერირებდნენ, ახალი რეგულაციების შედეგად მომსახურების საფასური არ გაიზრდება. იმ დაწესებულებებს კი, რომლებიც პროტოკოლებთან შესაბამისობაში არ არიან, ხარჯები გაეზრდება და შედეგად, მომსახურების გაძვირებაც მოუწევთ. ამის შესახებ ასოცირებულმა პროფესორმა ნუცა ზურაბიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
 
შეგახსენებთ: სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2024 წლის 1 იანვრამდე საქმიანობა ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

სტანდარტებს შორის არის ინფრასტრუქტურული მოთხოვნები - მაგალითად ის, რომ სავარძლებს შორის დაშორება არანაკლებ 2 მეტრი უნდა იყოს, ან მათ შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით. გარდა ამისა, დაწესებულებას უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. სტანდარტები ადგენს სტერილიზაციის პირობებსაც.

სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის მიზნით, გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სათავსი. ყველა შესული და გასული ნარჩენის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ ჟურნალში. დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში.

დასაქმებულებს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია  B ჰეპატიტზე, ასევე 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე. სტომატოლოგიური დაწესებულების გასახსნელად აუცილებელია შესაბამისი ნებართვის მიღება, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნუცა ზურაბიანი აღნიშნავს, რომ იმ კლინიკებს, რომლებიც ასრულებდნენ სამინისტროს მიერ რეკომენდებულ სტანდარტებს, ახალი რეგულაციების გამო ხარჯები არ გაეზრდებათ და შესაბამისად, არც ტარიფებს გაზრდიან, ხოლო იმ კლინიკებში, რომლებსაც ახალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ხარჯების გაზრდა მოუწევთ, მომსახურებაც გაძვირდება. 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის თქმით კი, ახალი რეგულაციები არის უკვე არსებული მოთხოვნების დაზუსტებული და აქცენტირებული ფორმა და ის სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტით რეგულირდებოდა. 
შესაბამისად, პრინციპული და დიდი ცვლილებები არ მომხდარა. 


საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ქეთევან გოგილაშვილის შეფასებით კი, რეგულაციები საჭირო იყო, რადგან კლინიკების მონიტორინგი სისტემატურად არ ხდებოდა, ახლა კი ეს პრაქტიკაც დაინერგება.