კლინიკების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ის ტენდენციები და პრობლემებია იდენტიფიცირებული, რომელიც კერძო კლინიკურ სექტორს მიმდინარე ეტაპზე აქვს. 


მათ შორის ძირითად საკითხად გამოიკვეთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დამოკიდებულების შემცირება, რადგან, როგორც არაერთი კლინიკა აღნიშნავს, სახელმწიფოსგან თანხების მიღების დაგვიანება და დაბალი ტარიფები სექტორისთვის ერთერთი მთავარი რისკია. 
ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა კლინიკების შემოსავლებიდან 70-დან 80%-მდე წილი სწორედ საყოველთაო ჯანდაცვაზე მოდის. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებები ცდილობენ ისეთი სერვისების განვითარებას, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება. კერძო სამედიცინო სექტორი აქცენტს აკეთებს ასევე სამედიცინო ტურიზმზე.

ანგარიშგებებში ერთერთ გამოწვევად სახელდება მედპერსონალის გადინება და ექთნების დეფიციტი. ამიტომაც, კომპანიები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ამ მიმართულებით. 


ერთერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იგივე პრობლემებზე საუბრობს, „ნიუ ჰოსპიტალსია“. 
მის 2022 წლის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ კლინიკა ცდილობს გაზარდოს ისეთი მომსახურებების რიცხვი, რაც შეამცირებს მის დამოკიდებულებას სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაზე და დაეხმარება შემოსავლების წყაროს დივერსიფიცირებაში.

„2023-2025 წლების მანძილზე „ნიუ ჰოსპიტალსი“ გეგმავს ისეთი ახალი მიმართულებების სიმძლავრეების გაზრდას, როგორიცაა ბარიატრიული ქირურგია, კარდიოქირურგია, ოფთალმოლოგიის, ქირურგიული სერვისები, ონკოლოგია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნიუ ჰოსპიტალსი“-ს მთავარ, გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს ლიდერის პოზიციის დამკვიდრება, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის მქონე, ევროპული ხარისხის კლინიკის იმიჯის ჩამოყალიბებას და შესაბამისი სერვისის შეთავაზებას პაციენტეისათვის,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალის ჯანდაცვის სერვისების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია კლინიკის უნარზე აიყვანოს, დაატრენინგოს და შეინარჩუნოს შესაბამისი რაოდენობით კვალიფიციური ექიმები, ექთნები, სპეციალისტები, რათა მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.